აშშ-მა ქვეყნებს ნება დართო შეისყიდონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში, გემებზეა დატვირთული.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესანტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის შენარჩუნებას ომის დროს. ქვეყნებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის უფლება 11 აპრილამდე ექნებათ.
„ეს ვიწროდ მიმართული, მოკლევადიანი ზომა ვრცელდება მხოლოდ იმ ნავთობზე, რომელიც უკვე გზაშია და რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს“, — განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.
მანამდე ბესანტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა დაიწყებს გემების გაცილებას ჰორმუზის სრუტეში „როგორც კი ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება“.
„სამხედრო გაცილების შესაძლო საჭიროება ყოველთვის იყო ჩვენი გეგმების ნაწილი“, — განუცხადა მან Sky News-ს.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს უახლოეს დღეებში დაიწყოს, ბესანტმა უპასუხა:
„როგორც კი უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფის შესაძლებლობა გაჩნდება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ინდოეთს 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი მისცა და ქვეყანას ნება დართო, შეისყიდოს ღია ზღვაში მყოფი რუსული ნავთობი.
ხუთშაბათს ნავთობის ფასმა კვლავ გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე, რადგან ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა პირობა დადო, რომ კვლავ დაბლოკავს საკვანძო სავაჭრო მარშრუტს — ჰორმუზის სრუტეს, რომელზეც, ჩვეულებრივ, მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი მოდის.