მთავრობამ განიხილა და მოიწონა „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტი – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თუ ჭარბი მოსავლის პირობებში კერძო სექტორის მხრიდან ყურძნის შესყიდვის ინტერესი არ გამოიკვეთა, სახელმწიფო მოსავალს ხარისხის მიხედვით განსაზღვრული ფასით შეისყიდის.

„2026 წლის რთვლის დროს, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ. ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული შემდეგი ფასები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი: შაქრიანობა აღემატება 20%-ს – 1,30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე – 80 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს – 30 თეთრი; რაც შეეხება საფერავს: შაქრიანობა აღემატება 22%-ს – 1,50 ლარი, შაქრიანობა 17%-დან – 22%-მდე – 90 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს – 30 თეთრი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

ამასთანავე, რთველის სუბსიდირება რაჭაში 2026 წელსაც განხორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც ღვინის კომპანიები მიიღებენ, 4 ლარით განისაზღვრება.

„რაჭის რეგიონში, რთვლის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, პროექტი ასევე ითვალისწინებს ყურძნის სუბსიდირებას: სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ 1 კგ ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის სანაცვლოდ, მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე“, – ვკითხულობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.