ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები (Zero Strays Georgia x Animal Project x Peteasy) აცხადებენ, რომ სტერილიზაციისთვის გადაყვანილი ბევრი ცხოველი გაუჩინარდა და სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ისინი გაუჩინარებული ცხოველების ადგილსამყოფელის გაასაჯაროვებას ითხოვენ.
მათი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის განმავლობაში ევალებოდა 9000 მიუსაფარი ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა, სტერილიზაცია და გარემოში დაბრუნება. სანაცვლოდ კი, ბევრი გადაყვანილი ცხოველი გაუჩინარდა. სააგენტოს, ასევე, ხშირად თავშესაფარში გადაჰყავდა უკვე სტერილიზებული ცხოველებიც. სააგენტო ახალი განკარგულებით 2026 წელს ოთხჯერ მეტი ცხოველის მოცვას აპირებს. ორგანიზაციები (Zero Strays Georgia, Animal Project და Peteasy) და ცხოველმოყვარული აქტივისტები მოითხოვენ შესაბამის ცვლილებებს აღსრულებაში და კანონმდებლობაში, რომ სტერილიზაციისთვის გადაყვანილი ცხოველები დაბრუნდნენ თავდაპირველ საცხოვრებელ გარემოში.
ახალი ბრძანებით 2026-ში 36,000-ზე მეტი მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება.
ახალი განკარგულების მიხედვით „აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.“
აქტივისტები შიშობენ, რომ განკარგულების ამ ჩანაწერის გამო სააგენტოს უფრო მეტად შეუმცირდება მოტივაცია და სამართლებრივი საფუძველი, რომ თავდაპირველ საცხოვრებელ არეალში დააბრუნოს ძაღლი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ:
“ორგანიზაციების Zero Strays Georgia-ს, Animal Project-ისა და Peteasy-ს აზრით, მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია აუცილებელია ჰიპერპოპულაციის პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა სააგენტომ უნდა შეიტანოს შემდეგი ცვლილებები აღსრულებაში, კანონსა და განკარგულებებში:
– სტერილიზებული (საჭდიანი) ცხოველი არ უნდა გადაიყვანონ თავშესაფარში, თუ მას არ სჭირდება შესაბამისი მკურნალობა. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ადგილზევე;
– აუცილებელია, თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში. ახალ ლოკაციაზე დაბრუნებისას ის დაკარგავს ორიენტაციასა და საკვებ წყაროებს. შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე მოუწიოს სხვა ძაღლებთან კონკურენციაში შესვლა და თავის დაცვა.
განკარგულებაში გაწერილი შეზღუდვები კონკრეტული ტიპის დაწესებულების სიახლოვეში ძაღლის დაბრუნების შესახებ არა მხოლოდ ბუნდოვანია, არამედ აზრს მოკლებულიც. თუ ძაღლს დაწესებულების სიახლოვეში არ დავაბრუნებთ, მის ადგილს დაიკავებს სხვა მიუსაფარი ცხოველი. დაწესებულებებთან ცხოველების მიმოსვლის შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ შემოღობვით. აუცილებელია, N412 განკარგულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოვიღოთ შეზღუდვები ძაღლის დასაბრუნებელ არეალზე.
💬 მოვითხოვთ, ასევე, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაასაჯაროვოს, სად წაიყვანეს ქუჩებიდან აყვანილი და გაუჩინარებული ცხოველები და მოახდინოს მიმკედლებლებისა და ცხოველმოყვარული აქტივისტების ინფორმირება მათ მზრუნველობაში მყოფ ცხოველებზე”-ვკითხულობთ განცხადებაში.