საქართველოს ტერიტორიის 41,5% ტყით არის დაფარული. საქართველოს საერთო ფართობი დაახლოებით 5 771 274 ჰექტარს შეადგენს – ამის შესახებ მიწის რესურსების სტატისტიკა მოწმობს, რომელიც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა.

მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (3 226 439 ჰექტარი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო დარჩენილი 2 544 835 ჰექტარი — სასოფლო-სამეურნეო.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიის ყველაზე დიდი ფართობი ტყეებსა და ნახევრად ბუნებრივ ტერიტორიებს უკავია. კერძოდ, ამ ტიპის რესურსების საერთო ფართობი დაახლოებით 2 835 016 ჰექტარია. ამასთან, მხოლოდ ტყეების ფართობი 2 392 063 ჰექტარია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს 41,5% ტყით არის დაფარული.

აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით ტყეებისა და ნახევრად ბუნებრივი ტერიტორიების ყველაზე დიდი რესურსი სამეგრელო-ზემო სვანეთს, კახეთსა და იმერეთს გააჩნია.

უფრო კონკრეტულად, ტყეებისა და ნახევრად ბუნებრივი ტერიტორიების ფართობი რეგიონების მიხედვით ასეთია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 471 569 ჰა;

კახეთი – 408 499 ჰა;

იმერეთი – 398 585 ჰა;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 353 155 ჰა;

მცხეთა-მთიანეთი – 312 731 ჰა;

სამცხე-ჯავახეთი – 212 961 ჰა;

აჭარა – 200 511 ჰა;

ქვემო ქართლი – 188 501 ჰა;

შიდა ქართლი – 168 221 ჰა;

გურია – 107 189 ჰა;

თბილისი – 13 091 ჰა.