ევროკავშირი გმობს პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, და მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, — ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის სახელით გამოდიოდა.
ასევე, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომლის საკვანძო ნაწილიც პოლიტიკური პლურალიზმია.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ევროკავშირი მზად არის პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში „მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლასა“ და ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
„ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა საქართველოში, როგორც ბევრმა აღნიშნა, კვლავ უარესდება. საქართველოს მთავრობას ქვეყანა შეგნებულად მიჰყავს ავტოკრატიისკენ, ანგრევს რა საბაზისო დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.
ბოლოდროინდელი კანონები, რომლებიც ზღუდავს უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ აქტივობას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრებებთან ერთად, ნათლად აჩვენებს, რომ მთავრობა უგულებელყოფს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ეს არ არის ის, რასაც ევროკავშირი და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველები ელიან იმ მთავრობისგან, რომელიც კვლავ ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის“, — განაცხადა ვოპკე ჰუკსტრამ.
ამიტომ, ჩემი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი ასეთია: მსგავსი ქმედებებითა და ასეთი კანონებით, საქართველოს არ გააჩნია ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი სიცოცხლისუნარიანი გზა — არც 2030 წლისთვის, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებს, და საერთოდ არცერთ დროს, თუ ეს კურსი გაგრძელდება.
საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, საქართველო ვალდებულია პატივი სცეს, დაიცვას და უზრუნველყოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. თუმცა, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების სერიოზული, გაუმართლებელი და უკანონო შეზღუდვა.
მეორეც, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც უკანონოდ დააკავეს, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში სასტიკ მოპყრობას დაექვემდებარა და პატიმრობაში აღმოჩნდა, მათ შორის ელენე ხოშტარიას.
ევროკავშირი გმობს პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, და მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი.
წამება და სასტიკი მოპყრობა სრულად აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ დარღვევებზე დაუსჯელობა უნდა დასრულდეს. ოპოზიციის ლიდერები ძალადობასა და დაპატიმრებებს აწყდებიან, ასევე ახლოვდება მათი კონსტიტუციური აკრძალვა. მსგავსი რეპრესიული ტაქტიკა მოგვაგონებს ავტორიტარული ქვეყნების მეთოდებს, რომლებიც მიმართულია განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომლის საკვანძო ნაწილიც პოლიტიკური პლურალიზმია.
საბოლოო ჯამში, ევროკავშირი მზად არის პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. გასულ კვირას თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, შეუჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს. ეს არის პასუხი საქართველოს მიერ იმ ვალდებულებების განზრახ და მუდმივ დარღვევაზე დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში, რომელიც მან უვიზო მიმოსვლის მიღებისას იკისრა“, — განაცხადა ჰუკსტრამ.