უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საიმიგრაციო კონტროლის სპეციალური ღონისძიებები განახორციელეს.

კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის — ინდოეთის, თურქეთის, უზბეკეთის, კენიის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის მოქალაქეები.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეამოწმეს კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად დაკავებულები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით ტარდება შესაბამისი პროცედურები.