Bybit-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ბენ ჭოუმ განაცხადა, რომ საქართველო კრიპტოვალუტის ბირჟისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრია. მან ეს მოსაზრება ჟურნალისტებთან BYBIT Georgia-ს ოფიციალურ გახსნაზე გამოთქვა.
BMG-ის კითხვაზე საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ, ბენ ჭოუმ აღნიშნა, რომ ქვეყნის მარეგულირებელი ბაზა ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა.
„საქართველო Bybit-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბია. ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და კრიპტოაქტივებისთვის ძალიან ღია საკანონმდებლო ჩარჩო აქვს. ამიტომ, Bybit-ის მსგავსი გლობალური ბირჟები ისწრაფვიან აქ ცენტრის შესაქმნელად და საქართველოში ინვესტირების გასაგრძელებლად, რათა გავლენა მოახდინონ მთელ რეგიონზე.
ფაქტობრივად, საქართველოს კრიპტოვალუტის VASP-ების (ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების) ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სისტემა აქვს. თქვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გქონდათ ამისთვის მკაფიო სისტემა ჩამოყალიბებული. რაც ყველაზე მთავარია, რეგულატორი თავად ცენტრალური ბანკია. როდესაც რეგულატორი ცენტრალური ბანკია, საქმეები ძალიან სწრაფად მიდის. ჩვეულებრივ, სხვა იურისდიქციებში, სადაც რეგულატორი არ არის ცენტრალური ბანკი, პროცესები გაცილებით ნელა მიმდინარეობს. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი ძალიან შორსმჭვრეტელი და პროაქტიულია, რაც Bybit-ის მსგავსი ინდუსტრიის მოთამაშისთვის ძალიან კარგია“, — განაცხადა ბენ ჭოუმ.
Bybit საქართველოში ოპერირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე, როგორც ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი (VASP) და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (PSP). ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა Bybit Card, რომელიც Mastercard-თან და Pave Bank-თან პარტნიორობით შეიქმნა.