„პირველადი მოხმარების პროდუქციის, როგორიცაა მაგალითად, იაფიანი ზეთი, წონის შაქარი, ფქვილი, წონის წიწიბურა, ბრინჯი, გაიაფება შეუძლებელია,“ – ამის შესახებ „უნივერსამის“ დამფუძნებელმა იოსებ ღუდუშაურმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეექვსე სამუშაო სხდომაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ საცალო ქსელების ოპერატორები.
„პირველადი მოხმარების პროდუქცია, მუშაობს „ქეშბექის“ გარეშე, მაქსიმუმ 10%-იანი ფასნამატით, მაგის გაიაფება შეუძლებელია, ჩემი ხედვით. ჩვენ თუ ვართ შეკრებილი იმისთვის რომ „როშენის“ შოკოლადი გავაიაფოთ, ეს გამოიწვევს შაქრის გაძვირებას. თუმცა არსებობს გარკვეული ნიუანსები რამაც შეიძლება კონკრეტული პროდუქცია გააიაფოს და რა შეიძლება იყოს ეს – თუ ჩემი ფასდაკლება არის 20% და ვიღაცას თუ აძლევს 50%-ს {რასაც თქვენ ბრძანებთ}, ეს თუ ჩაიკეტება და იქნება გარკვეული პროცენტი, დავუშვათ მაქსიმუმ დისტრიბუტორს შეეძლოს თავისი დანახარჯი ქსელში გაიღოს 30%, ამ შემთხვევში ამოვარდება ის მონოპოლიური მიდგომა მის მიმართ.. შედეგად შეიძლება გარკვეული ტიპის პროდუქციაზე 5-10%-მდე შემცირდეს ფასი და ჯამურად ეს ფასი აისახება მაქსიმუმ 3-4%-ით, ეს ძალიან დიდ შედეგს ვერ დადებს. მე თუ გავაიაფებ ღვინოს, „როშენს“, „სნიკერსს“, მაგრამ მივიღებთ გაძვირებულ შაქარს.. სად გავაიაფოთ მითხარით – 5%-ს ვიხდი ბიუჯეტში, 3% მიმაქვს მე, სად გავაიაფოთ მითხარით და გავაიაფოთ.
ასევე მინდა შევეხო ადგილობრივ წარმოებასაც, ჩემი გულისტკივილი არის ქართული პროდუქციის ნაწილი, ვფიქრობ რომ კვოტები უნდა იყოს გამოყოფილი კონკურენტებთან მიმართებაში, კარგად უნდა ჩაშლა სეგმენტაციას და თაროს წილი პროცენტი რომ დაეთმოს ქართულ პროდუქციას, ყოველგარი გადასახადის გარეშე, ჩემი აზრით ეს ქვეყანას წაადგება,“ – განაცხადა „უნივერსამის“ დამფუძნებელმა იოსებ ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეექვსე სამუშაო სხდომა იმართება. ამჯერად შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ საცალო ქსელების ოპერატორების (ქსელური მარკეტების) წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
შეგახსენეთ, რომ პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ხუთი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც თავდაპირველად კვერცხის, რძისა, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, წვენებისა, ჯემების, პურ-პროდუქტების, ტკბილეულის მწარმოებლებს მოუსმინეს. ამასთან, კომისიის 25 თებერვლის, რიგით მეოთხე შეხვედრაზე უკვე მოუსმინეს საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს, რომელთა წლიური ბრუნვა შეადგენს 100 მილიონ ლარზე ნაკლებს. რიგით მეხუთე სხდომაზე კი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ.
რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
წყარო bpn.ge