დღეს, 11 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც განათლების რეფორმას ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ე.წ. რეფორმები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ უფლებაზე — მიიღონ განათლება.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა სტუდენტებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა განაცხადეს, რომ უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები და „1+4 პროგრამის“ მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის ათასობით ეთნიკური უმცირესობის სტუდენტის განათლების უფლებას.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „1+4 პროგრამის“ სრულად შენარჩუნებას;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის დაცვას;
  • 2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხული 500-მდე ეთნიკური უმცირესობის სტუდენტის განათლების უფლების უზრუნველყოფას.

განცხადებაში კერძოდ აღნიშნულია:

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს. ცნობილია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 500-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩაირიცხა. ეს სტუდენტები ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფებიან და მომავალ სასწავლო წელს ბაკალავრიატის პირველ კურსზე უნდა განაგრძონ სწავლა. თითოეულ ამ ახალგაზრდას სურს, იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. ასევე აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი რეფორმა გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ერთ უნივერსიტეტზე, არამედ ქვეყნის სხვა უმაღლესი სასწავლებლების ათასობით სტუდენტის მომავალზე.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კითხვები ჩნდება:

  • რომელ უნივერსიტეტებში და როგორ ვაპირებთ სწავლის გაგრძელებას მომავალ წელს? გადაწყვეტილება ახალი რეფორმის შესახებ შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით.
  • როგორ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უფლებები და საგანმანათლებლო შესაძლებლობები?
  • რა გავლენას მოახდენს 1+4 პროგრამის შეკვეცა მომავალი აპლიკანტების მომავალზე?
    ჩვენ ვაცხადებთ: „1+4 პროგრამა მნიშვნელოვანია ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამ პროგრამის შეკვეცა გაზრდის სოციალურ უთანასწორობას და სერიოზულად დააზიანებს ეროვნული უმცირესობების სტუდენტების ინტეგრაციის პროცესს“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღვნიშნოთ, რომ განათლების რეფორმების პროგრამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი შეზღუდვაა გათვალისწინებული. გასული წლების აპლიკანტების რაოდენობასთან შედარებით, გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით, რამდენჯერმე შემცირდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა.

ინფორმაციისთვის: „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მიიღონ უმაღლესი განათლება შეღავათიანი პირობებით. ის მოიცავს ქართული ენის ერთწლიან მოსამზადებელ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო ენის ათვისებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმების შედეგად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ადგილები მცირდება.
დღეს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების 85% განაწილებულია თბილისის ოთხ მრავალპროფილიან უნივერსიტეტს შორის (თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკური და სოხუმის უნივერსიტეტები).