შესაძლებელია, რომ მიმდინარე მოვლენებმა გარკვეული გავლენა მოახდინოს ავტონაწილების ფასებზე, — განუცხადა გამოცემა BusinessPressNews-ს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა დარბაისელმა.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, საქართველოში ავტომობილების სათადარიგო ნაწილების იმპორტი ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ხორციელდება.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ მიწოდების ჯაჭვში შეფერხებები შეიქმნას, მოსალოდნელია, რომ ავტონაწილები უშუალოდ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან უფრო მაღალ ფასად გაიყიდება.

სავსებით შესაძლებელია, რომ მიმდინარე პროცესებმა ჩვენს სექტორზე არსებითი გავლენა არ მოახდინოს და სერიოზული დარტყმა არ მიაყენოს, რადგან საქართველოში ავტომობილების იმპორტი ძირითადად აშშ-დან ხდება. თუმცა, რაც შეეხება მომიჯნავე სექტორს, ავტონაწილებს, ცვლილებები სწორედ აქ არის უფრო სავარაუდო. ეს პირდაპირ კავშირშია როგორც ავტომობილების იმპორტთან, ისე ექსპორტთან. ვვარაუდობ, რომ ნაწილებზე ფასების მცირედით მომატებაა შესაძლებელი.

ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ნაწილებს დუბაიდან ვიღებთ. რა თქმა უნდა, საუბარია ახალ ნაწილებზე. ბიზნესი არ არის იდეალური და ვერ ფუნქციონირებს სრულფასოვნად, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არასტაბილურია. საბოლოო ჯამში, ჩვენ კვლავ ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც ეს დანახარჯები ავტოიმპორტიორზე გადავა, — განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავტონაწილების ძირითადი მომწოდებელი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 8,413 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ავტონაწილების იმპორტი განახორციელა, რაც მთლიანი იმპორტის დაახლოებით 25%-ს შეადგენს. გასულ წელს საქართველოში სულ 34,022 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ავტონაწილები შემოვიდა.

ხაზგასასმელია, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები უკვე კვირაზე მეტია გრძელდება. ირანში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებამ, რომელიც სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა, დაუყოვნებლივი გავლენა მოახდინა მსოფლიო ბაზრებზე.