Golden Tulip Design Tbilisi-ში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველოს სასტუმროებში ტურისტული ჯავშნები აქტიურად უქმდება.

როგორც BMG-სთან Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი აცხადებს, მარტის მეორე ბოლოდან საქართველოში როგორც ისრაელიდან, ასევე არაბული ქვეყნებიდან ტურისტული ჯგუფების მოგზაურობა იყო დაგეგმილი, თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჯავშნები აქტიურად უქმდება.

ელენე ოთარაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად მოქმედებს ევროპელი ტურისტების მოგზაურობის გეგმებზეც.

“19 მარტიდან ველოდით არაბულ [ტურისტულ] ჯგუფებს. ესენი მთლიანად გაუქმდა, იგივე შეეხება ისრაელის ჯგუფებს. მოგეხსენებათ, მარტში ჯერ კიდევ სამთო კურორტები კარგად მუშაობს და ამ დროს ევროპული ქვეყნების ჯგუფები ჩვენთან ძალიან აქტიური იყო, ესეც გაუქმდა. შესაბამისად ორივე მიმართულებას ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, როგორც საქმიან ტურიზმს, ასევე ე.წ. Leisure-ს, დასასვენებელი ტურიზმის მიმართულებას.

თუკი საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მარტში დაახლოებით 30%-იანი დანაკარგი გვაქვს, დასასვენებელი ტურიზმის მიმართულებით კიდევ უფრო მაღალია ეს დანაკარგი. თბილისი უნდა გავსებულიყო 19 მარტის შემდეგ, რადგან [არაბული ქვეყნებისთვის] მათთვის რამადანის თვე მთავრდება. ახლა ყველა სასტუმრო განიცდის ამას [ჯავშნების გაუქმებას].

ევროპელები განსაკუთრებულად ფრთხილები არიან ასეთ დროს და იქ მნიშვნელობა არ აქვს, 1000 კილომეტრში ხდება ომის საომარი მოქმედება თუ სად ხდება, ანუ ეს რეგიონი ერთია და შესაბამისად ჩვენ ახლა ძალიან სარისკო ზონად განვიხილებით”, – განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.