სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კასპის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს.

აუდიტის შეფასებით, სასმელი წყლის მიწოდებას არალიცენზირებული პირი ახორციელებს, მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით, ხოლო მიწოდებული წყალი სათანადოდ არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. შედეგად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არასაკმარისად არის შეფასებული.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 75 დასახლებული პუნქტიდან ქალაქ კასპსა და 12 სოფელს სასმელი წყლით ამარაგებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, ხოლო სოფლების უმეტესობაში წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ „სოფლის წყალს“ ეკისრება. თუმცა, აუდიტის თანახმად, აღნიშნულ ა(ა)იპ-ს საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია არ აქვს.

ანგარიშში აღნიშნულია: „მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების განვითარება პრიორიტეტულადაა მიჩნეული, 2022-2023 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე გაწეული 1,633.4 ათასი ლარის ხარჯი არასაკმარისი აღმოჩნდა მოსახლეობის ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“.

აუდიტის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის 62 სოფელში მცხოვრები 12 265 ოჯახიდან: 4 147 ოჯახს წყალი მიეწოდება ჭაბურღილებიდან და წყაროებიდან; 6 166 ოჯახს კი წყალი გრაფიკით მიეწოდება.

ამასთან, მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემების დიდი ნაწილი, ასევე ჭაბურღილები და სათავე ნაგებობები, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებითა და წყლის დაქლორვის საშუალებებით, რის გამოც წყლის ხარისხი სისტემატურად არ მოწმდება : „არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის დადგენის მიზნით“.

ცალკეული კვლევებით დადგინდა, რომ წყლის ხარისხი რიგ შემთხვევებში დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება. კერძოდ, მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო ბაღში ჩატარებული კვლევიდან 21-ში გამოვლინდა ნორმიდან გადახრა.

წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დააფიქსირა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. უწყების მიერ შემოწმებულ 18 სოფლიდან 14-ში დაფიქსირდა შეუსაბამობები, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტს შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა. თუმცა, აუდიტის შეფასებით, პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი ღონისძიებები არ გატარებულა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციას აძლევს მუნიციპალიტეტის მერიას, რომ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს წყალმომარაგების განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად.

როგორც რეკომენდაციაშია აღნიშნული, სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის წყალმომარაგების უზრუნველყოფა ლიცენზირებული სუბიექტის მეშვეობით, ასევე წყლისა და საბიუჯეტო რესურსების რაციონალური ხარჯვა. აუდიტის შეფასებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ასევე წყალმომარაგების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.