ახალქალაქის პარკებში ხშირად შეხვდებით დამტვრეულ საქანელებს, სკამებს, ლამპიონებს, გამხმარ ხეებსა და ყვავილებს. ზოგ შემთხვევაში, ვანდალიზმისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შედეგებს მშენებლები საგარანტიო ვადის ფარგლებში აკეთებენ, თუმცა ხშირად მსგავსი დაზიანებები დიდხანს რჩება, რაც უმეთვალყურეობისა და სათანადო მოვლის ნაკლებობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„ხას ბახჩას“ პარკის ბოლო რეკონსტრუქციისას, 2021 წელს, დაიდგა ახალი სკამები წარწერით — „ახალქალაქი“. ეს სკამები მუდმივად გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე, ცოტა ხნის წინ კი ზოგიერთ მათგანს წარწერა საერთოდ გაუქრა. ახალქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება, მუნიციპალური ქონების დაზიანების გამოძიებაზე კი პასუხისმგებელი პოლიციაა.
ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ მსგავს ქმედებებში ყველაზე ხშირად მოზარდები არიან ჩართულნი. მათვე ადანაშაულებენ საქანელების გატეხვაშიც. თუმცა, ვინაიდან დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან, დაზიანებული ქონებისთვის პასუხისმგებლობას არავინ იღებს, მიუხედავად იმისა, რომ პარკის მოვლა-პატრონობისა და აღდგენისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება. დაზიანების კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს უხარისხო სამუშაოები და მასალები, როგორიცაა დამონტაჟებული ქუჩის ლამპიონები, პლასტმასის საქანელები და სკამების თხელი ხის დეტალები.
ამ ყველაფერმა ადგილობრივი ხელისუფლება იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ პარკები მუდმივ მოვლას საჭიროებს. აღნიშნული საკითხი ახალქალაქის საკრებულოს ბოლო სხდომაზე განიხილეს. ახალქალაქის სერვისცენტრი მცირე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ შესრულებული მრავალი სამუშაო მათსავე მოვალეობებს სცილდება. სხდომის მსვლელობისას დეპუტატებმა მერიას შესთავაზეს, რომ სერვისცენტრისთვის დაიქირაოს ცალკე თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ პარკების მოვლით იქნებიან დაკავებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი 2024 წლიდან პერიოდულად იწევს, ის დღემდე მხოლოდ სხდომების განხილვის თემად რჩება.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის, მხითარ რსტაკიანის თქმით, პარკების მოვლისთვის სპეციალური თანამშრომლების აყვანის აუცილებლობა გარდაუვალია და ამის გადადება აღარ შეიძლება.
„მერია გვატყობინებს, რომ კონკრეტულ ადგილას რაღაც დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ გავდივართ ადგილზე და ვასრულებთ სამუშაოს: თუ ელექტრიკოსია საჭირო, ვაგზავნით მას, თუ სკამია გატეხილი — ვაკეთებთ. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ახალი თანამშრომლების აყვანას, რომლებიც პარკების მდგომარეობას გააკონტროლებენ. ისინი არა მხოლოდ მიადევნებენ თვალს ტერიტორიას, არამედ მორწყავენ მცენარეებს, დარგავენ ყვავილებსა და ხეებს. ამისთვის ოთხი ადამიანის დაქირავება გვჭირდება. მაგალითად, ერთი თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება მე-15 სამხედრო დასახლებისა და პოლიციის მიმდებარე პარკებზე, სხვები კი — სხვა ობიექტებზე. ასე ჩვენ შევძლებთ სიტუაციის უკეთ გაკონტროლებას. სავარაუდოდ, ამ საკითხს თვის ბოლოს გამართულ საკრებულოს სხდომაზე წარვადგენთ. მანამდე კი ამ წინადადებით მერიას უნდა მივმართო“.
დამატებითი პერსონალის დაქირავების გადაწყვეტილება ამჟამად განხილვის პროცესშია. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარკების ინფრასტრუქტურის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება მუდმივი მოვლისა და მეთვალყურეობის გარეშე რთული იქნება.