10 მარტს, საღამოს, ყოფილი მე-15 სამხედრო ქალაქის სიახლოვეს, 5 წლის ბიჭი გზაზე გადასვლის მცდელობისას ავტომობილის სარკეს თავით შეეჯახა. ბავშვი ტვინის შერყევით ჰოსპიტალიზებულია, მისი მდგომარეობა ნორმალურია.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სოფლის საბავშვო ბაღებიდან ბავშვები ქალაქში გადაჰყავდათ. ბავშვები ტრანსპორტიდან აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი მე-15 სამხედრო დასახლების მიმდებარედ ჩამოვიდნენ. როგორც წესი, მათ მშობლები ან ახლობლები ელოდებოდნენ. თვითმხილველთა თქმით, ბავშვმა გზაზე გადარბენა სცადა და ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოცხადდა, რომელმაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც საავადმყოფოში დავაზუსტეთ, ბავშვმა მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო. ის ამჟამად თავს კარგად გრძნობს, თუმცა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ 2-3 დღე დარჩება.