საქართველოს ნავსადგურებში მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულ და მჭიდრო მუშაობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სანქციების ეფექტიანი აღსრულება.

„საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს საერთაშორისო სანქციების მკაცრ აღსრულებას. ჩვენ ამ პროცესში ვმოქმედებთ, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი და სანქციების დაწესების დღიდან თანმიმდევრულად უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ტერიტორია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ფინანსური სისტემა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. სწორედ ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ნავსადგურებიც, სადაც უკვე მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილში, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს აცნობა, რომ ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო, ასევე ნათქვამია: „მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას“.