ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს. ამის ფონზე, ზრდას განაგრძობს ნავთობის ფასები. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საწვავზე ფასის ზრდას ელოდებიან საქართველოშიც.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ნავთობპროდუქტების რა მარაგებია ქვეყანაში და საკითხთან დაკავშირებით ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ვახტანგ იობაშვილს ესაუბრა.

როგორც იობაშვილი აცხადებს, საქართველოში არსებულ სხვადასხვა კომპანიას ნავთობპროდუქტების დაახლოებით, 2-კვირიანი მარაგები აქვს. რაც შეეხება ნედლ ნავთობს, ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქვეყანას მსგავსი მარაგები არასდროს ჰქონია.

„მრავალდღიანი და მრავალთვიანი მარაგები არ არსებობს. დროთა განმავლობაში, ბენზინის პროდუქტი ფუჭდება, თუ ის დროულად არ გაიყიდა. დიდი მარაგებისთვის ნავთობტერმინალები არცერთ კომპანიას არ გააჩნია, ეს საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა. ნავთობპროდუქტების ყველა კომპანიას მცირედი მარაგი აქვს. ბევრი რომ შემოიტანო და დაასაწყობო, ამას დიდი თანხები სჭირდება. თანაც, როგორც უკვე აღვნიშნე, დროთა განმავლობაში ბენზინი ფუჭდება.

რაც შეეხება ნედლ ნავთობს, ნედლი ნავთობის მარაგები არც არასდროს გვქონია და ალბათ, არც გვექნება. რაში გვჭირდება?! ჩვენ ქახნები არ გვაქვს. ახლა ვიწყებთ და ჯერ კიდევ უნდა ვაცადოთ, რომ შევიდეს ექსპლუატაციაში ყულევის ქარხანა. გადამამუშავებელი საწარმო არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, ნავთობის მარაგიც ვერ გვექნება. თუ ქვეყანაში არ არის გადასამუშავებელი კომპლექსები, მაშინ ისმის კითხვა, სად უნდა წავიღოთ ეს ნავთობი?!

თავიდანვე ვთქვი, როცა დაიწყო კრიზისი, აქ დასამალი არაფერი არ არის. ჩვენ გვაქვს 2-კვირიანი საშუალება იმის, რომ რაღაც ახალი მოვძებნოთ. 2-კვირიან მარაგზეა საუბარი, რადგან დიდ მარაგებს დიდი ნავთობტერმინალები სჭირდება. აქედან უკვე 1 კვირა გასულია და 1 კვირაში ახალი შესყიდვეიბი უნდა დაიწყოს.

უბრალოდ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ნურავინ იტყვის წინასწარ, რა მოხდება. ეს არავინ იცის. შესაძლოა, ერთ კვირაში ომიც დასრულდეს და ჰორმუზის სრუტეშიც დამშვიდდეს ვითარება. ამიტომაც, მოლოდინის რეჟიმში ვართ“, – განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების დეფიციტი მოსალოდნელი არ არის.

„ამერიკის ხაზინის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთს ყოველგვარი შეზღუდვა მოეხსნას. იმის გამო, რომ მსოფლიო სანავთობო ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა და რუსეთმა შეავსოს მსოფლიო სანავთობო ბაზრები.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, ჩვენ რუსეთიდან პროდუქტის მოწოდების არანაირი პრობლემა აღარ გვაქვს. მუშაობს ყველა სტრუქტურა. ეს იქნება რკინიგზა, ზღვა თუ პორტები, ყველაფრისთვის მზად ვართ. მზად ვართ იმისთვისაც, რომ სადაც იაფად ვნახავთ, იქ ვიყიდით. არანაირი დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. არ იქნება შიმშილი ჩვენს სანავთობო ბაზარზე“, – აცხადებს იობაშვილი.

წყარო bpn.ge