დღეს, 9 მარტს, №1 ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე კულტურული ცენტრი „ოჯახი“ გაიხსნა. ცენტრი ანსამბლ „ვაჩიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნასლეტ ქეიანმა გახსნა. ცენტრში არა მხოლოდ ცეკვის, არამედ სხვადასხვა სახის წრეები იფუნქციონირებს. 1 აპრილიდან ცენტრი დამთვალიერებლებისა და მსურველების მიღებას დაიწყებს.
კულტურული ცენტრის — „ოჯახის“ გახსნას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, სტუმრები და აღსაზრდელები.
კულტურული ცენტრის წითელი ლენტი საზეიმო ვითარებაში ქეიანების ოჯახმა გაჭრა. ნასლეტ ქეიანს ცენტრის გახსნა სურბ ხაჩის ეკლესიის მღვდელმა, ტერ ნარეკ ტიგრანიანმა მიულოცა და ცერემონიის დაწყება ლოცვით — „მამაო ჩვენოთი“ დაიწყო.
ნასლეტს გახსნა ასევე მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. მათ ხაზი გაუსვეს ნასლეტ ქეიანის დამსახურებას და ცენტრს წარმატება უსურვეს.
აშუღმა ალიკ ჯავახმა ნასლეტის მილოცვისას აღნიშნა, რომ ოდესღაც ნასლეტი მისი მოსწავლე იყო და ახლა ძალიან უხარია იმის ნახვა, რომ ის საკუთარ ცენტრს ხსნის.

ნასლეტს იცნობენ არა მხოლოდ ჯავახეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. დღეს კი ის საკუთარ ცენტრს ხსნის. ღმერთმა ქნას, ეს „ოჯახი“ აყვავდეს, აქედან ღირსეული თაობები გამოვიდნენ და ცენტრი ამ დასახლების ყველა ბავშვს ემსახუროს“, — განაცხადა აშუღმა ალიკ ჯავახმა.
ამის შემდეგ მან თავისი ცნობილი სიმღერის — „ჩემი ჯავახეთის“ ერთი კუპლეტი შეასრულა.
ნასლეტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მასთან ერთად გაიზიარა ეს საზეიმო დღე. მისი თქმით, საკუთარი ცენტრის გახსნაზე დიდი ხანია ოცნებობდა. ვინაიდან ყოფილ სამხედრო დასახლებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების დასვენებისა და გართობისთვის არცერთი ადგილი არ არსებობდა, გადაწყდა, რომ ასეთი ცენტრი სწორედ აქ გახსნილიყო.
დიდი ხანია ვოცნებობდი, მქონოდა საკუთარი პატარა კუთხე. სახელწოდებაზე დიდხანს ვფიქრობდით და საბოლოოდ სიტყვა „ოჯახზე“ შევჩერდით. მივიჩნიეთ, რომ ეს სწორი იქნებოდა, რადგან ჩვენი ორი ეროვნების წარმომადგენლები ამ სიტყვაში ერთსა და იმავე აზრს ვდებთ. გვსურდა პატარა კერის შექმნა. ცენტრს „ოჯახი“ ჰქვია, რადგან ოჯახი (კერა) ეროვნებას არ არჩევს — ჩვენი ცენტრის კარი ყველასთვის ღიაა“, — აღნიშნა ნასლეტმა.
ცენტრი „ოჯახი“ აღჭურვილია ყველაფერი აუცილებლით: დარბაზი, გასახდელი, განათება, მუსიკალური აპარატურა და გათბობა.