8 მარტის, ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაკავშირებულია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან და ეს აქტუალობას დღემდე არ კარგავს, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში განამტკიცა სამართლებრივი ბაზა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის, დანერგა დაცვისა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმები, გააძლიერა მსხვერპლთა დაცვის სამსახურები და აამაღლა კოორდინაცია შესაბამის უწყებებს შორის. ამ რეფორმებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ძალადობის შემთხვევების გამოვლენაზე, პრევენციასა და ეფექტიან რეაგირებაზე.

ამავდროულად, სახელმწიფოს კვლავ ესაჭიროება თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკის გატარება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის შემდგომი გაძლიერების უზრუნველსაყოფად. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს გამოვლინდა ქალის მკვლელობის 12 და მკვლელობის მცდელობის 21 შემთხვევა. კვლავ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმირებულობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ქალის მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის შემთხვევების თავიდან აცილება.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ქალთა შრომითი უფლებების სრული რეალიზაცია, მათი თანაბარი მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში და შრომის თანაბარი ანაზღაურება კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, მიიღოს სისტემური და ეფექტიანი ზომები ქალთა უფლებების დასაცავად, მათი გაძლიერებისთვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად და გამოთქვამს მზადყოფნას სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობისთვის თანასწორობის მიღწევის პროცესში“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.