საწვავის არსებული რესურსი მხოლოდ ორ კვირაზეა გათვლილი, რის შემდეგაც ფასების კორექტირება გარდაუვალი იქნება – ამის შესახებ BMG-სთან ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი საუბრობს.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობისა და „პლატსის“ მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა, ქართველი მომხმარებელი ამ ცვლილებას ავტოგასამართ სადგურებზე ჯერ ვერ გრძნობს.

„საქართველოში, შიდა ბაზარზე ჯერ არანაირი რყევები არ არის. ავტოგასამართ სადგურებზე ფასთა სხვაობა ისევ ძველი, ერთი თვის წინანდელი მონაცემებით ნარჩუნდება. შიდა ბაზარზე ფასნამატები ჯერ არ გვაქვს, რადგან კომპანიებს გარკვეული მარაგები გააჩნიათ. თუმცა, ველოდებით ცვლილებებს, რადგან მსოფლიოში, განსაკუთრებით სანავთობო ბაზრებზე, ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა“, – აღნიშნავს იობაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, საქართველოში ნავთობბაზების სიმცირე და შენახვის მაღალი ხარჯები კომპანიებს საშუალებას არ აძლევს, თვეების სამყოფი მარაგი დააგროვონ:

„ეს არის დაახლოებით ორკვირიანი მარაგები. კომპანიებს არ აქვთ იმის ფუფუნება და შესაბამისი ნავთობბაზები, რომ დიდი რაოდენობით პროდუქცია თვეების განმავლობაში შეინახონ. მარაგების შენახვას დამატებითი ფინანსები სჭირდება, რაც დღეს რთულია. შესაბამისად, ორ კვირაში ფასების ცვლილებას უნდა ველოდოთ.

ფორმულა ელემენტარულია: თუ ვიყიდით ძვირად – გავყიდით ძვირად. თუ პროდუქტი საყიდლად გაძვირდა, ბუნებრივია, ეს აისახება გასაყიდ ფასზეც. ჩვენი ბაზარი საერთაშორისო კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.“

მისივე განმარტებით, საერთაშორისო პროცესებში, შესაძლოა გლობალური ბაზარი დაბალანსდეს. საუბარია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაზე და OPEC-ის ქვეყნების გადაწყვეტილებაზე.

„მსოფლიო სანავთობო ბაზარს შესაძლოა დამატებითი ნედლი ნავთობი შეემატოს. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური დამცავი სამხედრო გემების ქარავანი, რომელიც ჰორმუზის სრუტიდან ნავთობის ტანკერების უსაფრთხო გამოსვლას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ოპეკის ქვეყნებმა მიიღეს დადგენილება მოპოვების კვოტების გაზრდის შესახებ – ბაზარს დღიურად 206 000 ბარელი შეემატება. თუმცა, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ არის საკმარისი რაოდენობა და ბალანსისთვის კიდევ მეტია საჭირო“, – განმარტავს ვახტანგ იობაშვილი.

მიუხედავად ფასების მოსალოდნელი ზრდისა, იობაშვილი ქვეყანაში საწვავის დეფიციტს გამორიცხავს.

„ჩვენ გვაქვს დიდი კოზირი – მეზობლად სანავთობო ქვეყნები გვყავს. პროდუქციას გვაწვდის რუსეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, რუმინეთი და საბერძნეთი. ეს მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა ჩვენს კომპანიებს საშუალებას აძლევს, მუდმივად მოიძიონ ახალი ბაზრები. ამიტომ, საწვავის შიმშილი და დეფიციტი ჩვენ არ გვემუქრება”, – აცხადებს იობაშვილი.

ნავთობის ფასი საერთაშორისო კვლავ ბაზარზე მერყევია. ამ დროისთვის ბრენტის ფასი $85-ია, ხოლო WTI $80-იან ნიშნულზეა. ჯამში მიმდინარე კვირაში ნავთობის ფასები თითქმის 20%-მდე გაიზარდა. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტია, რომელმაც ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების შეჩერებით, გლობალური ენერგეტიკული ნაკადები შეაფერხა.

წყარო bm.ge