ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, მერაბ ხალვაშმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან „აჭარა თაიმსს“ თავად დაუდასტურა.
ხალვაშის თქმით, გადაწყვეტილება პირადად მიიღო და უნივერსიტეტში მუშაობას აკადემიურ მიმართულებით გააგრძელებს.
მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილებამდე ის ერთთვიან შვებულებაში იმყოფებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
მედია წერს, რომ მერაბ ხალვაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტსაც იკავებდა. მოგვიანებით, მისი უნივერსიტეტში დარჩენის მიზნით, რექტორმა ტიტე აროშიძემ უნივერსიტეტის დებულებაში ცვლილება შეიტანა, რის შედეგადაც რექტორის მოადგილის მესამე შტატი შეიქმნა.
ამასთან, „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ამჟამად ერთთვიან შვებულებაში იმყოფება თავად უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძეც.
აროშიძის თქმით, ის კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაშია და გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს.
„კანონის თანახმად, შვებულებაში ვარ, დასვენება მინდა. სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? როგორც წესი, თქვენ წინასწარ იცით ყველაფერი, რამე გაიგეთ ჩემზე? მითხარით… არ დამიმალოთ… არსად ვაპირებ წასვლას,“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ „აჭარა თაიმსთან“.
საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საჯარო თანამდებობის პირები ხშირად ერთთვიან შვებულებაში მაშინ გადიან, როდესაც დაკავებული პოზიციის დატოვებას ან გათავისუფლებას უპირებენ, თუმცა თავად ტიტე აროშიძე მსგავს ვარაუდს არ ადასტურებს.
წყარო bm.ge