საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანელ კოლეგას, მასუდ პეზეშკიანს ტელეფონით ესაუბრა. ეს ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ლიდერის პირველი პირდაპირი კომუნიკაციაა თეირანთან.

მაკრონმა საუბრის დეტალები სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მაკრონი წერს, რომ პეზეშკიანთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები რეგიონის ქვეყნებზე. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოითხოვა ჰორმუზის სრუტის „დე ფაქტო“ ბლოკადის დასრულება და ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა.

პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთისთვის „აბსოლუტურ პრიორიტეტს“ წარმოადგენს ქვეყნის მოქალაქეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარიზის უსაფრთხოება და მათი სამშობლოში დაბრუნება. დაკავებულები, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით სამ წელზე მეტხანს იმყოფებოდნენ ირანის ციხეში, ამჟამად თეირანში საფრანგეთის საელჩოში არიან გადაყვანილები.

მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარების გამო. მისი შეფასებით, სწორედ თეირანის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები გახდა ამჟამინდელი კრიზისის სათავე.

„დიპლომატიური გადაწყვეტა უფრო მეტად არის საჭირო, ვიდრე ოდესმე, რათა ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ, დავასრულოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – წერს მაკრონი.

წყარო bm.ge