ახალქალაქი მდიდარია თავისი მრავალფეროვანი სოფლებით, განსაკუთრებით, თითოეულ სოფელთან დაკავშირებული ისტორიებით. ჩვენი სოფლები გამოირჩევა არა მხოლოდ თავისებური დიალექტით, არამედ ყურადღებას იპყრობს უნიკალური დასახელებებითა და მათი განმარტებებით.

იმის დასადგენად, თუ რამდენად ფლობენ თავად სოფლის მაცხოვრებლები ინფორმაციას საკუთარი სოფლების სახელწოდებების წარმოშობისა და მათი მნიშვნელობის შესახებ — როგორც იდენტობის მნიშვნელოვან შემადგენელზე — Jnews ახალქალაქის რაიონის ყველა სოფლის მცხოვრებს ესაუბრა. წარმოდგენილ დასახელებებს შესაძლოა არ ჰქონდეს ოფიციალური ან ისტორიული საფუძველი; ჩვენ უბრალოდ ვაქვეყნებთ იმას, რაც უშუალოდ მოსახლეობამ იცის საკუთარი სოფლების შესახებ.

ღადოლარი: სიტყვა „ღადო“ ძველ ქართულად ნიშნავს „ფაფარს“ — გამოქვაბულს.

მაჯადია: ყვებიან, რომ მაჯადიელები დახელოვნებული მხვნელ-მთესველები (მაჭკალი) იყვნენ და სოფლის სახელიც სწორედ სიტყვა „მაჭკალიდან“ წარმოიშვა. სხვა ვერსიით, სოფლის დასახელება მომდინარეობს სიტყვა „მეჯიდიედან“, რაც ფულის ერთეულს ნიშნავს.

მარტუნი: ამ სოფელს სახელი ალექსანდრე მიასნიკიანმა უწოდა თავისი ლიტერატურული ფსევდონიმის — მარტუნის პატივსაცემად.

მერენია: ამ სოფლის მაცხოვრებლები 1828 წელს ერზრუმიდან გადმოსახლდნენ. ჯავახეთში ისინი თავიანთი საცხოვრებლის მსგავს ადგილს ეძებდნენ და სწორედ ამ სოფლის ტერიტორიაზე მოსვლისას უთქვამთ: „მერნ ე ნა“ (ეს ჩვენია) — ასე ეწოდა სოფელს მერენია.

მიასნიკიანი: 1924-1925 წლებში სოფელს სახელი ალექსანდრე მიასნიკიანის პატივსაცემად ეწოდა.

მოდეგამი: ამ სოფლის სახელწოდების ზუსტი წარმოშობა უცნობია, თუმცა ყველაზე სავარაუდოა, რომ მას ქართული ფესვები აქვს და უკავშირდება სიტყვას, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს ბაღს, ტყეს ან წმინდა ადგილს.

მურჯახეთი: გადმოცემით, ეს ორი ძმის სახელია. ერთ-ერთ ძმას ერქვა მურჯი; ერთი ძმა სოფლის ერთ მხარეს ცხოვრობდა, მეორე კი — მეორე მხარეს.

ჩამდურა: სოფელ ჩამდურას სახელწოდების პირველი კომპონენტი „ჩამ“ თურქულად ფიჭვს ნიშნავს, ხოლო „დურან“ — ვაკეს, ანუ „ფიჭვნარის ვაკე“. მოგვიანებით დასახელება ტრანსფორმირდა როგორც „ჩანძვრალა“, რაც ქართულად მიწაში შეძრომილს, ჩამალულს ნიშნავს.

ჩუნჩხა: გადმოცემით, ორი ადამიანი კაკალს აგროვებდა, როდესაც მათთან ერთი ბატონი მივიდა და ჰკითხა: „რას ჩანჩხალებდითო?“ (ანუ რას ფაჩუნობთ, რას ეძებთო). აქედან შემორჩა სოფელს სახელი ჩუნჩხა.

პტენა: ამ სოფელში ერთი ძალიან მდიდარი და ძუნწი კაცი ცხოვრობდა, რომელიც სულ აგროვებდა დოვლათს და სხვებს არაფერს უყოფდა. სოფლის მცხოვრებლები მასზე ამბობდნენ: „პუღს ტენს, ტენსო“ (სომხურად — „პურს ტენის, ტენისო“), სწორედ აქედან წარმოიშვა სოფლის სახელი პტენა.

სხვადასხვა სოფლის მცხოვრებთა მიერ მოყოლილი ამბები მოწმობს, რომ ახალქალაქის რაიონის სოფლების სახელწოდებათა წარმოშობა ძირითადად ზეპირსიტყვიერი გადმოცემებითაა შემონახული და ხშირად რამდენიმე ვერსიას მოიცავს.

Jnews-მა ამ კვირას 10 სოფლის სახელწოდების წარმოშობის შესახებ მოკლე ინფორმაცია შეარჩია. ამიერიდან, ყოველ კვირას პერიოდულად სხვა სოფლების ისტორიებიც იქნება წარმოდგენილი.

თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას ან დაინტერესებული ხართ საკუთარი სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგიით და შეგიძლიათ დამატებითი ცნობების გაზიარება, Jnews მზადაა ისინიც შეიტანოს და მასალა პერიოდულად განაახლოს.

ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მერენია.

ავტორი: ჰნაზიკ ავეტისიან