ჩვენთან 8 მარტს ყველა ელოდება — როგორც მამაკაცები, ისე ქალები. მათი მოლოდინის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ბევრმა არ იცის, თუ რა წარმოშობა აქვს ამ დღეს.

ახალქალაქში 8 მარტს სადღესასწაულო განწყობა სუფევს. ყველგან ყვავილების, საჩუქრებისა და მოლოცვების კორიანტელია. ქალები გულისფანცქალით ელიან დღესასწაულს — ნეტავ ვინ მიულოცავს და რა საჩუქრებს მიიღებენ? ეს ფიქრი თითქმის ყველა ქალს აწუხებს. მამაკაცები კი, ასე ვთქვათ, გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან; ვერ წყვეტენ, რა აჩუქონ ქალებს ისეთი, რაც თან იაფი იქნება და თან სასიამოვნო.

8 მარტი განსაკუთრებით ნანატრი დღესასწაულია ახალგაზრდებისთვის. ეს სწორედ ის დროა, როცა საყვარელ ადამიანს უნდა მიულოცო და ორიგინალური საჩუქარი აჩუქო.

ჯავახეთში ამ დღეს საინტერესოდ აღნიშნავენ, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ოჯახში ახალდაქორწინებულები ჰყავთ. 8 მარტს პატარძალი მამისეულ სახლში მიდის. დედამთილი, ნათესავები და მეგობრები — ყველა საჩუქრებითა და ყვავილებით მიდის პატარძლის მოსალოცად. პატარძლის მამის სახლში კი საპატიო სტუმრებისთვის სუფრა იშლება.

ჩვენთან ასევე მიღებულია ამ დღის სკოლებში აღნიშვნაც. ბიჭები კლასელი გოგონებისთვის საჩუქრებსა და ყვავილებს ყიდულობენ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა ქალებისადმი მიძღვნილი დღესასწაული. „თავისუფლად შობილ ქალთა დღესასწაულის“ დროს საჩუქრებს მხოლოდ გათხოვილ ან მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ქალებს გადასცემდნენ, ხოლო, მაგალითად, ოჯახში მომსახურე ქალებს ამ დღეს დასვენების საშუალება ეძლეოდათ. დღესასწაულს საფუძველი ჩაეყარა, როდესაც 1857 წლის 8 მარტს ნიუ-იორკელმა ტექსტილის მუშაკებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს დაბალი ხელფასებისა და არახელსაყრელი სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად.

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღე ევროპაში პირველად 1911 წლის 19 მარტს აღინიშნა. სამი წლის შემდეგ კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იგი 8 მარტს ეღნიშნათ. 8 მარტმა ოფიციალური სტატუსი მაშინ შეიძინა, როდესაც სოციალ-დემოკრატებმა მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა მიიღეს. 1910 წელს, კოპენჰაგენში გამართულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, კლარა ცეტკინმა წამოაყენა წინადადება, რომ ნიუ-იორკის მოვლენების პატივსაცემად 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო — როგორც პროლეტარი ქალთა კლასის დაბადების დღე.

პირველად ქალთა საერთაშორისო დღე 1911 წელს ავსტრიაში, გერმანიაში, დანიასა და შვეიცარიაში აღინიშნა. 1977 წელს გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღესასწაულად გამოაცხადა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 8 მარტი ამოიღეს როგორც სომხეთის, ისე საქართველოს სახელმწიფო კალენდრებიდან. ალტერნატივის სახით, სომხეთში 7 აპრილი დედობისა და სილამაზის დღედ გამოცხადდა, საქართველოში კი 3 მარტი — დედის დღედ. თუმცა, 8 მარტს იმდენად ღრმა ფესვები ჰქონდა გადგმული, რომ უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციის წინააღმდეგ წასვლას აზრი არ ჰქონდა და 8 მარტი კვლავ აღდგა.

ევროპის რიგ ქვეყნებში 8 მარტი თითქმის მივიწყებულია.

ძვირფასო ქალბატონებო და გოგონებო, გილოცავთ ამ გაზაფხულის დღესასწაულს. გისურვებთ მარადიულ ქალურ ბედნიერებას, სიყვარულსა და ჯანმრთელობას. დაე, თქვენს გულებსა და სულებში ყოველთვის სუფევდეს სიკეთე და სილამაზე. გილოცავთ!