შაბათს, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს მათი ტერიტორიების მისამართით განხორციელებული ავიადარტყმების გამო ბოდიში მოუხადა.

„გუშინ დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებზე აღარ იერიშებს აღარ მიიტანს და რაკეტებს აღარ გაუშვებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ირანზე თავდასხმა ამ ქვეყნების ტერიტორიიდან არ განხორციელდება“.

„პირადად ვუხდი ბოდიშს იმ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც ირანის თავდასხმის სამიზნე გახდნენ“.

„ბოლო მოვლენების შემდეგ, რომელთა დროსაც ჩვენი მეთაურები და ხელმძღვანელები დაიღუპნენ, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა — მეთაურების არყოფნის პირობებში — საკუთარი ინიციატივით ყველა საჭირო ქმედება განახორციელეს“, -დაამატა მან.

პრეზიდენტის ტელემიმართვის შემდეგ, დუბაის აეროპორტში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რამაც აეროპორტის მუშაობაში დროებითი შეფერხებები გამოიწვია. ამჟამად ფრენები აღდგენილია.

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, რომელიც ომში წამყვან როლს ასრულებს, მხოლოდ ქვეყნის უზენაეს ლიდერს ექვემდებარება. თუმცა, ომის დასაწყისში, 28 თებერვალს, ისრაელის ავიადარტყმის შედეგად აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობამ გამოიწვია ის, რასაც ფეზეშქიანმა არმიის შიგნით „კომუნიკაციის ხარვეზი“ უწოდა.

ირანის განმეორებადმა ავიადარტყმებმა სპარსეთის ყურეში აღშფოთების ტალღა გამოიწვია. თეირანი აცხადებს, რომ მათი სამიზნე ამერიკული სამხედრო ობიექტებია, თუმცა ზოგიერთმა დარტყმამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც დააზიანა და რეგიონში არაერთი აეროპორტის დახურვა გამოიწვია.