განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონპროექტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონპროექტის შესამუშავებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე მიიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მონაწილეობდა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამართლებრივი ურთიერთობები შვიდზე მეტი საკანონმდებლო აქტით რეგულირდება, რაც სამუშაო პროცესს, როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად, მოუქნელსა და არასრულყოფილს ხდის. მინისტრის თქმით, ახალი ინიციატივა ითვალისწინებს კანონპროექტის შექმნას, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელ ძირითად საკანონმდებლო აქტებს ერთიან სამართლებრივ ბაზაში გააერთიანებს.

„პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი კანონპროექტის შემუშავების ეტაპები განიხილეს. მოხდა წევრებს შორის მოვალეობების გადანაწილება, განიხილეს მოქმედი კანონები და ნორმატიული აქტები, გაანალიზდა სამართლებრივ ბაზაში არსებული ხარვეზები და გამოიკვეთა პრობლემები.

დაიგეგმა ჯგუფის საქმიანობის შემდგომი ეტაპები. სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. კანონის მიღების შემდეგ, სამინისტრო განათლების სფეროში არსებული შიდა ნორმატიული აქტების სრულ შემოწმებას განახორციელებს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს. სპეციალური ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის ექსპერტები“, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.