ბათუმის ბულვარში სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, სანაპიროზე მდებარე კიდევ ერთი საზაფხულო კაფე-ბარის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადრე გაცემული გაფრთხილების საფუძველზე, დემონტაჟს ობიექტის მფლობელი საკუთარი ძალებით ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია მოწესრიგდება.
ასევე, დემონტაჟი უტარდება კვების ობიექტს, რომელიც ბულვარის ფიჭვნარის ზონაში მდებარეობდა. ვინაიდან დაწესებულება რეკრეაციულ სივრცეში იყო განთავსებული, მისი აღების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია კეთილმოეწყობა.
ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ უკანონო და არაესთეტიკური ნაგებობების დემონტაჟის პროცესი კვლავ გაგრძელდება. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ბულვარის, როგორც რეკრეაციული სივრცის, იერსახის გაუმჯობესებასა და დამსვენებლებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნას.