6 მარტს, ახალქალაქში ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე კულტურის სახლში ორგანიზებული სადღესასწაულო კონცერტით მიულოცეს.
კონცერტი კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა. ბავშვებმა, რომლებიც ცეკვავენ, მღერიან და ხატავენ, საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს დღესასწაული დედებსა და კონცერტზე მოწვეულ სხვა ქალბატონებს.
ფოიეში წარმოდგენილი იყო ახალქალაქის სამხატვრო სკოლის ნორჩი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. მათ შორის გამოირჩეოდა შუშანიკ ირიციანის ნამუშევრები — მისი ნახატებიდან მაყურებელს კატებთან ჩახუტებული გოგონები უმზერენ.წარმოგიდგენთ თუ, როგორ განმარტავს თავად ნორჩი მხატვარი საკუთარი ნამუშევრების არსს:
„ჩემს ნამუშევრებს სხვადასხვა ფილოსოფიური დატვირთვა აქვს. მათში კატა სიმშვიდისა და დამცავი ძალის სიმბოლოა. ასევე, კატები შინაგანი სიძლიერის წყაროსა და მის განსახიერებას წარმოადგენენ“, — ამბობს შუშანიკ ირიციანი.
ქალთა საერთაშორისო დღე ერთადერთი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს ყველა კონტინენტსა და კულტურას, ენისა და რელიგიის მიუხედავად. ქალი მთელ მსოფლიოში ასოცირდება სიცოცხლესთან, სიყვარულსა და იმედთან. სწორედ ამიტომ, 8 მარტი ყველა ადამიანის დღესასწაულად იქცა“, — ამ სიტყვებით დაიწყეს კონცერტი წამყვანებმა სომხურ და ქართულ ენებზე.
სცენაზე გამოვიდნენ ახალქალაქის აშუღური სკოლის დოლზე დამკვრელთა ანსამბლი, კულტურის სახლის საცეკვაო ანსამბლები — „ჯავახეთი“ და „მურჯი“, ასევე კულტურის სახლის სოლისტები.
კონცერტს ესწრებოდნენ ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური დაწესებულებისა და სამსახურის წარმომადგენლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები.
კონცერტი დასრულდა იმით, რომ კულტურის სახლის ანსამბლების წევრებმა დარბაზში მყოფ ქალბატონებს მუნიციპალური ხელისუფლების მიერ მომზადებული ვარდები აჩუქეს. სცენიდან ქალებს დღესასწაული საკრებულოს თავმჯდომარემ, რუბენ პალიანმაც მიულოცა.
„ჩვენმა შვილებმა ძალიან ლამაზი წუთები გვაჩუქეს. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ქაოსია და საინფორმაციო სივრცეში ბევრს საუბრობენ ომებზე, ჩვენ ცოტა ხნით დავივიწყეთ ეს ყველაფერი და ერთი წამით კულტურის სამყაროში გადავედით. მადლობელი ვარ ორგანიზატორებისა და ყველა ჩვენი ნიჭიერი ბავშვის. ამ შესაძლებლობით სარგებლობისას, ვულოცავ ჩვენს ქალბატონებს. ძვირფასო ქალებო, გისურვებთ ბედნიერებასა და ჯანმრთელობას. იცხოვრეთ სიხარულით“, — განაცხადა თავის გამოსვლაში რუბენ პალიანმა.