ბავშვის დაბადების შემდეგ ქალს შეიძლება განუვითარდეს ემოციური და ფსიქოლოგიური გამოფიტვის მდგომარეობა, რომელსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია ეწოდება. ეს არ არის „სისუსტის“ ან „ცუდი დედობის“ ნიშანი, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან, სტრესთან, დაღლილობასთან და ცხოვრებისეულ მკვეთრ ცვლილებებთან.
„ქალთა თვის“ განმავლობაში – რომელიც ახალქალაქის მცხოვრებლებისთვის 3 მარტს (დედის დღე საქართველოში) იწყება, 8 მარტით (ქალთა საერთაშორისო დღე) გრძელდება და 7 აპრილს (სომხეთში სილამაზისა და დედობის დღე) სრულდება — Jnews მკითხველისთვის აქვეყნებს სტატიების სერიას, რომელიც ეძღვნება ქალებსა და ქალთა პრობლემებს.
„მშობიარობის შემდგომი დეპრესია უშუალოდ მშობიარობისთანავე არ იწყება. ..“ – ამ სიტყვებით ფსიქოლოგი ანნა მინასიანი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ მშობიარობის შემდგომი ბუნებრივი სტრესი და უფრო სერიოზული მდგომარეობა, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. ქალის მდგომარეობა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაიარა მშობიარობამ, რამდენად შეესაბამებოდა ის მის მოლოდინებს და იყო თუ არა იგი მზად ამ პროცესისთვის.
„დღეს ბევრი კლინიკა სთავაზობს მომავალ დედებს მოსამზადებელ კურსებს წინასამშობიარო პერიოდში. ისინი ამ პროცესებისთვის როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ემზადებიან. როდესაც სტრესი მცირდება, მშობიარობის შემდგომი დეპრესია აუცილებელი არ არის, რომ ყველასთან გამოვლინდეს. მშობიარობის შემდგომი სტრესი ბუნებრივია. ამას ემატება დაღლილობა და შიში ბავშვის გამო. ერთ-ერთი ადრეული ნიშანი სწორედ ბავშვის დაკარგვის შიშია. მაგალითად, ქალი ღამით იღვიძებს, რათა შეამოწმოს, ცოცხალია თუ არა ბავშვი. ხშირად სუნთქვას უმოწმებენ ან ბავშვის ტირილზე აქვთ რეაქცია მაშინ, როცა ჩვილი მშვიდად არის. ამგვარმა დაღლილობამ, უძილობამ და ქალის ნერვულმა სისტემამ შესაძლოა დეპრესიამდე მიგვიყვანოს,“ – ამბობს ის.
როგორ მივხვდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ დაღლილობა და მშობიარობის თანმდევი ბუნებრივი სტრესი, არამედ დეპრესია? სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს სიმპტომების ხანგრძლივობასა და ინტენსივობას. თუ გუნება-განწყობის დაქვეითება, შფოთვა, უძილობა, დანაშაულის გრძნობა ან ბავშვის მიმართ შიში რამდენიმე კვირა გრძელდება, ძლიერდება და ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებას, ეს შესაძლოა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ნიშანი იყოს.
ასევე, საგანგაშო ნიშნებია: მუდმივი მოსვენების არმქონე ფიქრები, უიმედობის განცდა, ბავშვთან ემოციური დისტანცირება და ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა. მსგავს შემთხვევებში მნიშვნელოვანია საკუთარი მდგომარეობის უგულებელყოფის ნაცვლად, დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოთ.
„ქალი უხასიათოდ არის, ის მოწყენილია და ვერაფრისგან, მათ შორის ვერც ბავშვისგან, იღებს სიამოვნებას. ხდება ისე, რომ დროდადრო უჩნდება განცდა, თითქოს არ უყვარს თავისი შვილი, თითქოს ბავშვი მას არ სჭირდება. ეს ემოციური დისბალანსია. ქალი ვერ აკონტროლებს საკუთარ გრძნობებს და ამ ყველაფრის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს. ის ძალიან დაღლილია, თუმცა დარღვეული ძილის გამო ჩაძინებას ვერ ახერხებს. ეცვლება მადაც: ზოგიერთი ბევრს ჭამს, სხვები კი მადას კარგავენ. ეს ის ნიშნებია, რომლებიც ქალში დეპრესიის სიმპტომების დაწყებაზე მიუთითებს. ყოველივე ეს ვლინდება მშობიარობიდან დაახლოებით 3-4 კვირის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი უკვე საწყის ეტაპს ბრუნდება და საკეისრო კვეთის ნაწიბურებიც ხორცდება, თუმცა ქალი მაინც ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან“, – განმარტავს ანნა.
მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მსგავსი შედეგები წარმოიშობა არა იმიტომ, რომ ქალმა „ვერ შეძლო გამკლავება“, არამედ იმიტომ, რომ ეს მდგომარეობა პროფესიულ მხარდაჭერას საჭიროებს.
„ბევრ ქალთან მშობიარობის შემდგომმა დეპრესიამ შესაძლოა თავისით გაიაროს. ამ ეტაპზე მან შესაძლოა ვერც კი გააცნობიეროს დეპრესიის არსებობა; მას უბრალოდ განწყობა უფუჭდება, მუდმივად ეძინება, არ აქვს მადა ან, პირიქით, შიმშილის გრძნობა უძლიერდება. ეს შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, თუ ქალი ურთიერთობს ადამიანებთან, ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს, იცვლის საქმიანობას, ცდილობს სიტუაციის შეფასებას და მისთვის აზრის მინიჭებას. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც პრობლემის გადაჭრა თერაპიის გარეშე შეუძლებელია. ეს არ ნიშნავს, რომ ქალი „სუსტია“ ან მისი ოჯახია დამნაშავე – ყველაფერი ინდივიდის ნერვულ სისტემაზეა დამოკიდებული. ძლიერი ნერვული სისტემის მქონე ადამიანები სირთულეებს უფრო ადვილად ლახავენ, სხვები კი — ნებდებიან. წინასწარ იმის თქმა, თუ რა დაეხმარება ადამიანს დეპრესიის თავიდან აცილებაში ან მისგან თავდახსნაში, შეუძლებელია“, – ამბობს ფსიქოლოგი.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია მოითხოვს მხარდაჭერას და არა განსჯას. მნიშვნელოვანია, რომ ქალი საკუთარ მდგომარეობასთან მარტო არ დარჩეს.
„მშობიარობის დროს და მის შემდეგ ქალს მხარდაჭერა სჭირდება. მეუღლისა და გარშემომყოფების გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესია. საჭიროა ისეთი პირობების შექმნა, რომ ქალს ძილი აღუდგეს, მიეცეს დასვენების დრო და შეუმცირდეს საოჯახო თუ ნათესაური ვალდებულებები. სახლის საქმეები ახლობლებმა შეიძლება გადაინაწილონ. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში ხშირად მიჩნეულია, რომ ‘ბავშვი ვინმემ უნდა დაიჭიროს, სანამ ქალი სახლის საქმეებს აკეთებს’. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქალს კი ეშინია ბავშვის მინდობა დედამთილისთვის, დისთვის ან დედისთვის, რადგან ჰგონია, რომ ეს უსაფრთხო არ არის. თუ ის საკუთარ თავს არ ენდობა, წარმოიდგინეთ, როგორ ანდობს შვილს სხვას. შედეგად, ის ცუდ სიტუაციაში ვარდება, საზოგადოებას კი მისი არ ესმის.
მხარდაჭერა ისეთი უნდა იყოს, რომ ქალმა შეძლოს საზრუნავისგან სრულად გათავისუფლება, დასვენება, ფილმის ყურება ან მუსიკის მოსმენა. გარემოს შეცვლაც სასარგებლოა: მეუღლესთან ერთად გასეირნება ან სახლიდან გასვლა ეხმარება მას იმის გაცნობიერებაში, რომ ცხოვრება მხოლოდ ბავშვითა და საოჯახო საქმეებით არ შემოიფარგლება. ქალი შესაძლოა დაამწუხროს გარეგნულმა ცვლილებებმაც – უძილო თვალებმა, დაღლილობამ, მოუწესრიგებელმა თმამ თუ მაკიაჟის არქონამ. ეს წვრილმანები ‘გუნდასავით’ გროვდება და დიდ ემოციურ ზვავად იქცევა,“ – აღნიშნავს მინასიანი.
თუ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ყურადღების მიღმა დატოვებთ, ამან შესაძლოა სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს: ის შეიძლება თვეობით გაგრძელდეს, ქრონიკულ დეპრესიაში გადაიზარდოს, გაზარდოს შფოთვა და გამოიწვიოს ემოციური გამოფიტვა. ქალს შესაძლოა გაუჭირდეს ყოველდღიურ მოვალეობებთან გამკლავება, შეექმნას პრობლემები ახლობლებთან ურთიერთობაში და გაუჭირდეს შვილთან ემოციური კავშირის დამყარება. მძიმე შემთხვევებში კი შესაძლოა განვითარდეს აკვიატებული აზრები და გამოუვალობის განცდა.
„თუ მშობიარობის შემდგომი სტრესი დეპრესიაში გადაიზარდა და გაღრმავდა, ეს უკვე დეპრესიული აშლილობაა, რომელიც ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ანტიდეპრესანტებს საჭიროებს. მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე დამატებითი პრობლემები იჩენს თავს: ქალმა შესაძლოა მხოლოდ იწვინოს და არაფერი აკეთოს. დეპრესია შეიძლება იმდენად მძიმე იყოს, რომ ადამიანს ჭამის ენერგიაც კი არ ჰქონდეს. ჩემს პრაქტიკაში მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ასეთ დონემდე მიყვანილი შემთხვევა არ შემხვედრია, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი მკურნალობაზე უარს ამბობს, ექიმს შეუძლია დაუნიშნოს მსუბუქი ანტიდეპრესანტები და ვიტამინები, რათა დაეხმაროს მას ძალების აღდგენაში“, – ამბობს ფსიქოლოგი.
ქალებზე ზრუნვა და მათ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია ყოველდღე, თუმცა „ქალთა ერთთვიანი კამპანია“ კარგი შესაძლებლობაა ამ საკითხებზე ღიად სასაუბროდ, ერთმანეთის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ არ შეგვეშინდეს დახმარების თხოვნის.