ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, დღეს განხორციელდა პირველი სპეციალური რეისი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნების უზრუნველყოფა შესაბამისი ავიაკომპანიების მიერ ვერ მოხერხდა. კერძოდ, ჩარტერული ფრენა შესრულდა ომანის სასულთნოს დედაქალაქ მასკატიდან თბილისის მიმართულებით.
დღესვე განხორციელდება სპეციალური რეისი საუდის არაბეთის დედაქალაქიდან თბილისში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური რეისების განხორციელების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შედეგად გამოწვეული შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალური ფრენები შესრულდება იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა გამოყვანასაც ავიაკომპანიები ვერ ახერხებდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყანაში დაბრუნება სურთ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ შესაბამის საელჩოებს.