საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე მოქალაქეებთან. ნამდვილად ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება საქართველოს მოქალაქეების შერჩევა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს, დაეხმაროს საკუთარ მოქალაქეებს.
„საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს საქართველოს საელჩოებს და დააფიქსიროს საკუთარი სურვილი, თუ მას უნდა სამშობლოში დაბრუნება. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. იმ ქვეყნებში, სადაც დღეს საქართველოს მოქალაქეები არიან, საუბარი არის ამ შემთხვევაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ასევე კატარის სახელმწიფოებზე, იქ საჰაერო სივრცე დაკეტილია და ვერ ხორციელდება ფრენები, ორივე სახელმწიფო დიდი მზრუნველობით ექცევა მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ ამ სახელმწიფოებში და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იყვნენ მშვიდად და ერთგვარად ფარავენ კიდეც ხარჯებს მათი იქ ყოფნის. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ სახელმწიფოების მხრიდან და ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. თუმცა არიან მოქალაქეები, რომელთაც სურთ, რომ დროულად დაბრუნდნენ სამშობლოში და ამის შესაძლებლობა დღეს არ არსებობს, არცერთი ავიაკომპანიის მიერ არ ყოფილა შეთავაზებული რაიმე, ასე ვთქვათ, კომერციული რეისები, ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად უფასოდ შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დღეს კიდევ იგეგმება ერთი ავიარესის შესრულება, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნდნენ.
„დღეს, დილით უკვე განხორციელდა ერთი რეისი ომანიდან. მასკატიდან საქართველოში დაბრუნდნენ საქართველოს მოქალაქეები. დღეს, ასევე იგეგმება შემდეგი სპეციალური რეისი, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე განხორციელდება საუდის არაბეთიდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ახლო ლოკაციებიდან მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა იმისათვის, რომ მათ დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნათ აეროპორტებში მისვლამდე და დამატებითი პრობლემები არ იყოს მათი გადაადგილების დროს. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებთან და ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება საქართველოს მოქალაქეების შერჩევა. ეს არის მტკნარი სიცრუე, ამას დაადასტურებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვინც მოხვდა სატელეფონო ზარზე თუ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციაში საქართველოს საელჩოებთან“, – განაცხადა მინისტრმა.