ისრაელს/აშშ-სა და ირანს შორის ომი უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. კონფლიქტში პირდაპირ თუ ირიბად სულ მცირე ათი ქვეყანაა ჩართული. მათ შორისაა იორდანია, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ არ არის ჩაბმული საბრძოლო მოქმედებებში, უკვე იგრძნო ესკალაციის შედეგები. ეს შედეგები საკუთარ თავზე გამოცადა ახალქალაქელმა სტუდენტმა გოგონამაც, რომელიც სომხეთში სწავლობს და იორდანიაში საგანმანათლებლო პროგრამით იმყოფება.
იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს ირანიდან იორდანიის ტერიტორიის მიმართულებით ნასროლი 49 უპილოტო საფრენი აპარატისა და ბალისტიკური რაკეტის გადაჭერის შესახებ. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ლოკალური ზიანი გამოიწვია. უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, ქვეყანამ ნაწილობრივ ჩაკეტა საჰაერო სივრცე, რამაც ავიარეისების გაუქმება და დაგვიანება გამოიწვია.
ახალქალაქელი სტუდენტი, ტათევიკ ვარდანიანი, დედაქალაქ ამანში მიმდინარე მოვლენებს ადევნებს თვალყურს. ის სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არაბისტიკის განყოფილებაზე სწავლობს. ამჟამად კი იორდანიაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთული პროგრამის ფარგლებში იმყოფება. მისი თქმით, პირველი აფეთქებების ხმა სამი დღის წინ, ადრე დილით გაიგონა.
„ჩვენ ძირითადად აფეთქებების ხმა გვესმოდა. გაგვაფრთხილეს, რომ აქაც შეიძლება ჩამოვარდნილიყო რაკეტები. გაფრთხილებები მივიღეთ როგორც სომხეთიდან, ისე სომხეთის საელჩოდან. გვითხრეს, რომ შესაძლოა განგაშის სიგნალები ჩართულიყო. აფეთქებების შემდეგ ქალაქში სირენების ხმა გაისმა და დავინახეთ, როგორ ცვიოდა რაკეტები. თავშესაფრის საჭიროება ჯერჯერობით არ არის. გვითხრეს, რომ ეცდებიან ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.
გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერს გარკვეულწილად ეჩვევი.
„როდესაც აფეთქებები დაიწყო, ძალიან საშინელი იყო. ჩვენთვის ეს უჩვეულო იყო. განსაკუთრებით ჩემთვის — ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავს და არც არასდროს მიგრძვნია: ზიხარ ჩუმად და უცებ შეიძლება რაღაც აფეთქდეს. ვერ ვიტყვი, რომ პანიკა იყო, მაგრამ როდესაც აფეთქებების ხმა გესმის ან განგაშის სიგნალი ირთვება, იძაბები. აფეთქებები და განგაში კი დღის განმავლობაში ხშირად მეორდება“.
დაძაბული ვითარების მიუხედავად, უნივერსიტეტში ლექციები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. თუმცა, გოგონას თქმით, შფოთვის შეგრძნება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება.
„ამ მომენტში ქვეყნის დატოვება არ შეგვიძლია. მხოლოდ სახმელეთო საზღვრებია ღია, მაგრამ რადგან აეროპორტები დაკეტილია, ვერსად გავფრინდებით. საელჩო არც კი გვეუბნება, რომ სომხეთში დაბრუნება სჯობს. მათ გაგვაფრთხილეს, რომ ვიყოთ ფრთხილად, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და დავრჩეთ უსაფრთხო გარემოში. თუმცა, წასვლის საშუალება არანაირად არ გვაქვს. ჩემს ნაცნობებს შორის დაშავებულები არ არიან, ასევე არ არის ცნობები სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის შესახებ. საერთო ჯამში, უნივერსიტეტში სომხეთიდან ექვსნი ვართ“.
ომი, რომლის შესახებაც ბევრი მხოლოდ ახალი ამბებიდან იგებს, ზოგისთვის რეალობად იქცა. ზოგისთვის ეს მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებებია, ზოგისთვის კი — ფანჯრის მიღმა განგაშის ხმა, ჩაკეტილი ცა და მორიგი სირენის მოლოდინი. ტათევიკის ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ შორს არის საომარი მოქმედებებისგან და არ ესმის განგაშის ხმა, მაინც დიდ მღელვარებაშია, რადგან გრძნობენ, რომ მათი შვილი სრულად უსაფრთხოდ არ არის.