გამონაკლისის სახით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, გადაწყვეტილება მშობელთა საუკეთესო ინტერესების გაითვალისწინებით მიიღეს.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის. მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას სასკოლო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, მშობლებთან, რათა ყველა გადაწყვეტილება საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იყოს მიმართული.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორის, ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს. კერძოდ, იმას, რომ რეფორმის ფარგლებში ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება ექვსი წელი. ჩვენი ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას. ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში იქცა განხილვის საგნად. საკითხთან დაკავშირებით აქტიური დისკუსიები გვქონდა, სხვადასხვა რეგიონში შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს, რომელთა მხრიდან, სასკოლო ასაკის გარდა, არაერთი აქტუალური გამოწვევის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამასთან, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ განათლების ხარისხის ზრდას და პროცესები მაქსიმალურად იყოს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული პოზიციების მოსმენა, მათ შორის, კრიტიკულისაც, თუ ის არგუმენტებით გამყარებული და დასაბუთებულია. რეფორმის უმთავრეს მიზნად დავსახეთ სკოლებში მოსწავლესა და მის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. ამის შესაბამისად, კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სასკოლო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, მშობლებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან, რათა ყველა გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იყოს მიმართული და პროფესიულ ანალიზს ეფუძნებოდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.