საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე, “ლიბერთი ბანკის” ცენტრალურ ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძარი ლიფტის შახტაში ღამით გაჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლის გაჩენას წინ აფეთქების ხმა უძღოდა.
“ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტა. დაშავებული საბედნიეროდ არავინ არ არის, მობილიზებულია 20 სახანძრო ავტო-ტექნიკა და ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია. წინასწარ მე ვერაფერს მოგახსენებთ, ხანძრის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო – ამ დროისთვის ცნობილი არაფერი არ არის. სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლიკვიდირება, რაც მთავარია საოფისე ფართებში არ იყო გავრცელებული ხანძარი. დროულად მოხდა ლოკალიზება და ლიკვიდაციაც შესაბამისად.”განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე “ლიბერთი ბანკის” შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.” – აცხადებს “ლიბერთი ბანკი.