ახალქალაქის მერიამ ქალაქის მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის ოთხი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ოთხივე კონკურსზე განაცხადების მიღება 6 მარტს დასრულდება.
2026 წელს ახალქალაქის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაკეთებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 454 965 ლარი გამოიყო. შედარებისთვის, 2025 წელს იმავე მიზნით 319 501 ლარი იყო გამოყოფილი.
26 თებერვალს გამოცხადებული ტენდერების თანახმად, სახურავების რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში:
დავით აღმაშენებლის 1-ლი ჩიხი, კორპუსი №3 (შენობა №1) — 133 250 ლარი.
დავით აღმაშენებლის II ჩიხი, შენობა №2 — 101 664 ლარი.
ნალბანდიანის ქუჩა, კორპუსი №51 — 80 051 ლარი.
აღმაშენებლის ქუჩა, კორპუსი №4 — 104 232 ლარი.
ახალქალაქის მერიის მონაცემებით, შესაძლებელია, რომ ამ წელს სხვა მრავალსართულიანი კორპუსების სახურავებიც შეკეთდეს.
„ამჟამად ახალქალაქის მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულია ოთხი ტენდერი. თუმცა, შესაძლებელია, რომ ტენდერების პროცესში დაზოგილი სახსრებით კიდევ ერთი შენობის სახურავის შეკეთება შევძლოთ“, – აღნიშნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა.