საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები შეშფოთებულნი არიან განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს მათთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე, ინტეგრაციასა და თავისუფალ არჩევანზე. მათ გაავრცელეს განცხადება და მოუწოდებენ სხვებს, შეუერთდნენ მათ, რათა ერთობლივად აიმაღლონ ხმა შექმნილ ვითარებაში წარმოჭრილი პრობლემების შესახებ.

განცხადებაში კერძოდ ნათქვამია:

„ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, მშობლები, მასწავლებლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ვაცხადებთ, რომ უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმა და „1+4“ პროგრამის მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის ათასობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტის განათლების უფლებას.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს. ცნობილია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების დაახლოებით 500 წარმომადგენელი ჩაირიცხა. ეს სტუდენტები ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფებიან და მომავალ წელს ბაკალავრიატის პირველ კურსზე უნდა ისწავლონ. თითოეული ამ სტუდენტის სურვილია, იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს „1+4“ პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჩაირიცხნენ სხვა უნივერსიტეტებშიც, მათ შორის: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შესაბამისად, აღნიშნული რეფორმა შეეხება არა მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს, არამედ ათასობით სტუდენტის მომავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები:

რომელ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას ეს სტუდენტები მომავალ წელს?

როგორ იქნება უზრუნველყოფილი მათი უფლებები და საგანმანათლებლო შესაძლებლობები?

რა გავლენას მოახდენს „1+4“ პროგრამის შემცირება ან გაუქმება ამ ახალგაზრდების მომავალზე?

„1+4“ პროგრამა უმნიშვნელოვანესია ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საქმეში. ამ პროგრამის შემცირება გაზრდის სოციალურ უთანასწორობას და სერიოზულ ზიანს მიაყენებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ მოვითხოვთ:

„1+4“ პროგრამის სრულად შენარჩუნებას;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის დაცვას;

2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხული ეთნიკური უმცირესობების დაახლოებით 500 სტუდენტის განათლების უფლების უზრუნველყოფას;

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და საჯარო განხილვების საფუძველზე.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განათლების სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს, გაითვალისწინონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ინტერესები და დაუყოვნებლივ შეაჩერონ დაგეგმილი საზიანო ცვლილებები“.

ხელმოწერების შეგროვების ინიციატორი ახალგაზრდები განცხადებას ინტერნეტში ავრცელებენ, რათა ყველა მსურველმა შეძლოს მისი ხელმოწერა. განცხადების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/fDu6Xf4TuBorsbBK8