ახალქალაქი მდიდარია თავისი მრავალფეროვანი სოფლებით და, განსაკუთრებით, თითოეულ სოფელთან დაკავშირებული ისტორიებით. ჩვენი სოფლები გამოირჩევიან არა მხოლოდ თავისი უნიკალური დიალექტით, არამედ ყურადღებას იპყრობენ გამორჩეული სახელწოდებებითა და მათი განმარტებებით.
იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან ინფორმირებულნი თავად ჩვენი სოფლების მცხოვრებლები საკუთარი სოფლების სახელწოდებების წარმოშობისა და მათი მნიშვნელობის შესახებ — როგორც იდენტობის მნიშვნელოვანი კომპონენტის — Jnews ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მცხოვრებს ესაუბრა. წარმოდგენილი სახელწოდებები შესაძლოა არ ეყრდნობოდეს ოფიციალურ ან ისტორიულ საფუძვლებს; ჩვენ უბრალოდ ვაქვეყნებთ იმას, რაც უშუალოდ მოსახლეობამ იცის საკუთარი სოფლების შესახებ.
ხულგუმო: ხულგუმოს მცხოვრებთა წინაპრები დასავლეთ სომხეთიდან, არტაანის სოფელ ველიდან გადმოსახლდნენ. დასახლებისას ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ბოსლები (გომ) ყოფილა და სწორედ გამოთქმიდან „ხულ გომერ“ (ყრუ ბოსლები) ჩამოყალიბდა სოფლის სახელი.
კაჭო: ამ სოფელზე ამბობენ, რომ ძველად წყალუხვი დასახლება იყო, ორი თუ სამი მდინარით, რის გამოც ამბობდნენ „კა ჯურ“ (არის წყალი), რაც დროთა განმავლობაში „კაჭოდ“ იქცა. სხვა ვერსიით, ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული და ხეების გაჩეხვის შემდეგ დარჩენილი კუნძების (სომხურად „კოჭ“) გამო დამკვიდრდა ეს სახელი.
კარწახი: გადმოცემის თანახმად, ტყიდან დაბრუნებულ კაცს უთქვამს „ცახ კარ“ (ფიჩხი იყოო), აქედან წარმოიშვა სახელი კარწახი, რომელიც მოგვიანებით იწერებოდა როგორც კარძახი ან ღარზახი.
კარტიკამი: ამ სოფელს თავიდან „კარტიკანი“ ერქვა, რაც სამი სიტყვისგან შედგებოდა: „კოროვი ტიღამარდიკ კან“ (ღონიერი მამაკაცები არიან). როდესაც სოფელი მეორედ დააარსეს არტაანის სოფელ ველიდან მოსულებმა, ბოლო ასო „ნ“ შეიცვალა „მ“-ით.
კიროვაკანი: ამბობენ, რომ სახელი კიროვაკანი ბოლშევიკი მოღვაწის, კიროვის სახელიდან მოდის. ხოლო დასახლება „ზრესი“ მეზობლად მდებარე ტბისა და მონასტრის სახელია. ზრესკის მონასტერს იხსენიებს იოანე დრასხანაკერტცი (IX-X სს.).
კოთელია: კოთელია მურჯის მთების ტერიტორიაზე მდებარეობს და ადრე მისი სახელი „მურჯი“ იყო. ერთი ვერსიით, და-ძმა კოტე და ლია შეხვდნენ ამ ტერიტორიაზე და სოფელ მურჯიდან მოსულებმა მათ პატივსაცემად სოფელს „კოთე-ლია“ უწოდეს.
კოკიო: გლეხების თქმით, კოკიო ბერძნული სახელია, რომელიც სომხურად „ხორბალს“ ნიშნავს, რაც სოფელში ხორბლის უხვად დათესვას უკავშირდება.
კორხი: ნიშნავს კლდოვან ნაპირს. ამბობენ, რომ მიგრაციისას ცდილობდნენ თავიანთი ძველი საცხოვრებლის მსგავსი ადგილი ეპოვნათ. ტერიტორია ქვიანი და კლდოვანი იყო, რის გამოც დაარქვეს „კორხი“. თავიდან სოფელი მთაზე იყო, შემდეგ კი უკეთესი პირობების გამო მოსახლეობა დაბლა ჩამოვიდა.
კულიკამი: სახელწოდება მომდინარეობს ქართული სიტყვიდან „გული“, ხოლო სრული სახელი ითარგმნება როგორც „გულღია“ ან „გულითადი“.
ოკამი (ჰოკამი): ქართული „ოკამი“ აღებულია სიტყვებიდან „ორი კარი“, რადგან რამდენიმე სოფელში შესასვლელი და გამოსასვლელი სწორედ ამ სოფელზე გადის. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად, ოკამიდან მეზობელ სოფელ აზმანამდე მიედინებოდა მდინარე, რომლის სახელი იყო „ოკა“, მოგვიანებით ის დაშრა, მაგრამ სოფელმა სახელი შეინარჩუნა.
სხვადასხვა სოფლის მცხოვრებთა ნაამბობი მოწმობს, რომ ახალქალაქის რაიონის სოფლების სახელწოდებების წარმოშობა ძირითადად ზეპირსიტყვიერი გადმოცემებით შემოინახა და ხშირად რამდენიმე ვერსია გააჩნია.
Jnews-მა ამ კვირას 10 სოფლის სახელის წარმოშობის შესახებ მოკლე ინფორმაცია შეარჩია. ამიერიდან, ყოველ კვირას პერიოდულად სხვა სოფლების ისტორიებსაც შემოგთავაზებთ.
თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია თქვენი სოფლის სახელის ეტიმოლოგიის შესახებ და გსურთ დამატებითი ცნობების გაზიარება, Jnews-ი მზად არის ისინიც ჩართოს და მასალა პერიოდულად განაახლოს.
ფოტოზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოა ასახული.
ავტორი:ჰნაზიკ ავეტისიან