საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, რომ ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის საერთაშორისო მაგისტრალებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია.

აღსანიშნავია, რომ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები გუშინ, 28 თებერვალს, შუადღისას დაწესდა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავის მაღალი საფრთხეა. შესაბამისად, გუშინ, 28 თებერვალს, ამ მონაკვეთზე დროებით აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა და ეს აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია.

მოძრაობა ასევე აკრძალულია კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის უღელტეხილზე და ეს შეზღუდვაც ამ დრომდე არ მოხსნილა.