გზის გადაკეტვის საბაბით აქტივისტები მარიამ ჩხაიძე და ლალი კეკუა 20 თებერვალს სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მათი საქმე გაერთიანებულად განიხილა და მარიამ ჩხაიძეს 2-დღიანი, ხოლო ლალი კეკუას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩხაიძესა და კეკუას 7 თებერვალს რუსთაველზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, მანდატურებმა ლალი კეკუა პირდაპირ სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს და წაიყვანეს გურჯაანის იზოლატორში. სამდღიანი პატიმრობის შემდეგ ლალი მოგვიყვა, თუ რა გადახდა თავს. გთავაზობთ მის ისტორიას ცვლილებების გარეშე:
სასამართლოში თავისი გამოჩენით პატივი დაგვდო თვით მატიაშვილმაც. იგი მანდატურების ცნობილი ხელმძღვანელია, რომელიც გამოირჩევა აგრესიულობით და თავგასულობით. რადგან ჩემი და კიდევ ერთი ქალის პროცესი გაერთიანებული იყო, ორი ქალი ბადრაგი მოვიდა, ცალ ხელზე დამადეს ბორკილი და მეორე მხარე თავად დაიჭირეს. ასე გამიყვანეს უკანა დერეფნებით და მიგვიყვანეს მოსაცდელ ზონაში.
აქ ბევრი ხალხი დაგვხვდა, ამიტომ საკანში არ შეგვიყვანეს და იქვე სკამზე ვისხედით სამი ქალი და ველოდებოდით ეკიპაჟებს. სამივეს ერთიდაიგივე ბრალი გვქონდა წაყენებული, ორს მოგვისაჯეს 3 დღე, ხოლო მესამეს — 2. მე და მარიამი გაგვანაწილეს გურჯაანში. ორი საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა და ცალ-ცალკე გადაგვიყვანეს.
მანქანაში ვიყავით მე, პოლიციელი ქალი და მამაკაცი პატრული საჭესთან. გზაში პერიოდულად ვსაუბრობდით, ბევრ თემას შევეხეთ — პოლიტიკას, მიუსაფარ ცხოველთა ოვერპოპულაციას, გაზრდილ ფასებს და გაუფასურებულ ფულს… იყვნენ კეთილგანწყობილები და საკმაოდ თავაზიანები. თუმცა აღვნიშნავ, რომ ყველა, ვისთანაც ამ სისტემაში შეხება მქონია, მოგმართავს შენობით.
იზოლატორში შესახლებამდე ლოდინი მოგვიწია, რადგან რიგი იყო. ამ პერიოდში თავისუფლად შემეძლო მანქანიდან გადასვლა და მოწევა. აღმოჩნდა, რომ ქალი თანამშრომელი არ ჰყავთ და, შესაბამისად, ჩემი დათვალიერება მოუწია თანმხლებ პატრულის თანამშრომელ ქალს.
გახდა შეგიძლია ეტაპობრივად, — ჯერ ზედა ნაწილი, ხოლო ზედას რომ ჩაიცვამ, შემდეგ ქვედა. მოვიხსენი თასმები კედებზე, თმის რეზინი, ბიუსტჰალტერი. ყველაფერი დაილუქა და აღიწერა, მოვაწერე ხელი შინაგანაწესის გაცნობას და შემდეგ უკვე გადამიყვანეს ექიმის კაბინეტში.
ექიმი ქალიც საკმაოდ კეთილგანწყობილი აღმოჩნდა, აქაც ისევ ხდება დათვალიერება და დაზიანებების აღწერა, თუმცა აქ შეგიძლია საცვალი არ გაიხადო. გამომკითხა ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამისინჯა წნევა, რომელიც მაღალი აღმოჩნდა და მომცა შესაბამისი მედიკამენტები. გამაფრთხილა, რომ მომეთხოვა, დღეში რამდენჯერმე წნევის გასაკონტროლებლად გამოყვანა. სტანდარტული გამოკითხვის ბლანკებია და ყველაფერზე აწერ ხელს. ასევე გეკითხებიან, ხომ არ ჰქონდა ცუდ მოპყრობას ადგილი ტრანსპორტირებისას.
ექიმის შემდეგ უკვე დადგა შესახლების ეტაპი. მიმიყვანეს კამერასთან, რომელშიც დამხვდა ერთი ორსართულიანი ვიწრო საწოლი, მაგიდა და ორი სკამი. ფანჯარა იყო მაღლა. მისი სარკმელი მუდამ ღია იყო. საკანშია გათბობის რადიატორი, მონიტორინგის კამერა და ორი სავენტილაციო მილი.
ოთახშივე იყო ცალკე გამოყოფილი ტუალეტი რკინის კარით, საკეტის გარეშე და ხელსაბანი. თითოეულ საწოლზე დამხვდა სამი პლედი, თეთრეული კი მოგვიანებით შემომაწოდეს. ასევე მომცეს ორი წყლის ბოთლი, ერთი საფერფლედ და მეორე დასალევად.
იზოლატორი სავარაუდოდ ახალი აშენებულია, მეტ-ნაკლებად სუფთაა, თუმცა ეტყობა გამოყენების კვალი.
მოგვიანებით შემოასახლეს მეორე ქალიც. დილით სავარაუდოდ 9-დან 10 საათამდე არის გადაბარება, გამოჰყავხარ ოთახიდან, ხელის სკანერით გამოწმებენ და დგახარ საკნის კედელთან, სანამ ბადრაგები შედიან და ოთახს გულდასმით ათვალიერებენ, მოდის დამლაგებელიც და ზედაპირულად ასუფთავებს.
იქ ყოფნისას ბადრაგი სამჯერ შეიცვალა, ხოლო ექიმი ერთხელ. ყველა მათგანი, ზოგადად, კეთილგანწყობილი იყო და არ უხეშობდა. ერთადერთი პრობლემა შეიქმნა, როდესაც სვიტრს მოვაწყვიტე საკიდი ლენტი, რომ გამომეყენებინა თმის სამაგრად. ვიდეომონიტორინგმა ეგრევე დააფიქსირა, რომ აკრძალული ლენტი მქონდა და ანერვიულებული ბადრაგი მოვარდა. მკითხა, რა მქონდა და საიდან, ვაჩვენე და გადავეცი, მომიწია მეორე ლენტის მოხსნა და გადაცემაც. შეადგინეს ოქმი და ჩამორთმეული ლენტები მიამაგრეს დალუქულ ნივთებს.
დაახლოებით 10-დან 11 საათამდე არის საუზმე — შოთის პური და ჩაი. შემდგომ უკვე ერთსაათიანი სეირნობა ბეტონის კედლებიან „ეზოში”, სადაც, როგორც დავთვალე არის 19 ნაბიჯი 8 ნაბიჯზე. აქვე დგას საფერფლე, მაგიდა და ორი სკამი. ასანთი და სიგარეტი შეგიძლია მუდმივად თან იქონიო.
დღის პირველ ნახევარში ჯერ მეგობრებმა შემომიგზავნეს ხაჭაპურები, ძეხვეული, ვაშლი, ბანანი, პური, ფუნთუშები, სპრაიტი, ლიკანი, წყალი და სიგარეტი. შემდეგ მეუღლე ჩამოვიდა. მას უარს ეუბნებოდნენ საკვების შემოგზავნაზე, რადგან ძალიან ბევრი დაგროვდა. ასევე, არ გადმომცეს წიგნები, რადგან არ იცოდნენ მათი შინაარსი. საბოლოოდ, შემომიტანეს ერთი ხელი ტანსაცმელი, ხაჭაპურები და სიგარეტი.
ადგილობრივ კვებაზე უარს ვამბობდით და მხოლოდ ჩაის ვსვამდით, ზოგადად დღეში ერთი ჭიქა ჩაი გეკუთვნის, მაგრამ თავაზიანად თუ სთხოვ, მეორე ჭიქაზეც არ გეტყვიან უარს. წიგნების არქონის გამო, მომიწია იზოლატორის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების წაკითხვა, არჩევანი მწირია, ხოლო წიგნების მდგომარეობა სავალალო.
ექიმთან გავყავდი პირველივე მოთხოვნისთანავე. სამწუხაროდ, მაღალი წნევა მქონდა მუდმივად და იზოლატორში არსებული მედიკამენტები ვერ აგვარებდა პრობლემას.
ზარი ადვოკატთან არის მითი. იზოლატორის პერსონალს მხოლოდ იმის ვალდებულება აქვს, რომ შეატყობინოს შენ მიერ არჩეულ პიროვნებას შენი ადგილსამყოფელი შესახლებისას.
შემომთავაზეს ჩემებთან დარეკვა. მაგრამ, რადგანაც სასამართლოდან გამოსვლისას, პატრულმა მომცა საშუალება ოჯახის წევრებისთვის მეთქვა, სად მივყავდი, ამიტომ უარი ვთქვი შემოთავაზებაზე. იზოლატორში ორი ან მეტი დღით დაყოვნებისას გაქვს უფლება, რომ მოითხოვო ერთი 10-წუთიანი სატელეფონო ზარი და 10-წუთიანი შხაპი. ზარი არ შემოუთავაზებიათ, ხოლო შხაპზე თავად ვთქვი უარი.
ტელევიზორის ყურება ზოგ იზოლატორში, რამდენადაც ვიცი, შესაძლებელია, აქ არ იყო. საკმაოდ რთულია საინფორმაციო ველს მოწყდე რამდენიმე დღით, როდესაც საათიც კი არ გაქვს და უბრალოდ ინტუიციით ხვდები რა დროა.
გამოსახლებისას დაახლოებით 10 წუთით ადრე გამიყვანეს საკნიდან, მთხოვეს თან წამეღო პირადი ნივთები. ჯერ შემიყვანეს ექიმთან შემოწმებაზე და შემდგომ უკვე მიმღებში, სადაც დამიბრუნეს ნივთები და მომაწერინეს ხელი დოკუმენტებზე.
აბსურდული და სასაცილო იყო ის ფაქტი, რომ გასვლისას მომთხოვეს მომეხსნა პარკი, რომლითაც თმას ვიწევდი.
სასიამოვნოა, როდესაც მათ გაკვირვებას ამჩნევ — ამდენი გულშემატკივარი ჰყავს? ასევე, გაკვირვებით საუბრობდნენ ხალხზე, ვინც გარეთ მელოდა.
სტრესულია, როცა წარმოდგენა არ გაქვს გარეთ რა ხდება და პრინციპში სრულიად დაუცველი და უსუსური ხარ იზოლატორში. ჩემ შემთხვევაში ბრაზი ჭარბობს, რადგან ხვდები, რომ ცხოვრების სამი დღე წაგართვეს და ის ხალხიც კი, ვინც თავაზიანად გექცევა, ისინიც კი, იმ სისტემის ჭანჭიკები არიან, ვინც უსამართლოდ გექცევა, გართმევს უფლებას, იცხოვრო წარმატებულ და განვითარებულ ქვეყანაში და მიგათრევს რუსულ ჭაობში.