26 თებერვალს ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს ოთხი სოფლის საბავშვო ბაღის მუნიციპალიტეტის ბალანსიდან ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანებისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი. ეს აუცილებელია დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის პროცესის გავლისთვის. გადაწყვეტილება დამტკიცდა დღევანდელ, 27 თებერვლის სხდომაზე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ოთხი სოფლის საბავშვო ბაღი უზუფრუქტის უფლებით გადაეცემა ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანებას. გადაცემა ხორციელდება სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში.

საბავშვო ბაღების გაერთიანებას გადაეცემა შემდეგი სოფლის ბაღების შენობები:

სოფელ კარწახის №9 საბავშვო ბაღი;

სოფელ პტენას №11 საბავშვო ბაღი;

სოფელ კულიკამის №10 საბავშვო ბაღი;

სოფელ კუმურდოს №15 საბავშვო ბაღი.

ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 14 საბავშვო ბაღი, რომელთაგან 12 უზრუნველყოფილია კვებით, ხოლო ორი ალტერნატიულია (მუშაობენ ნახევარი დღე კვების გარეშე). ახალქალაქის სამი საბავშვო ბაღი სარეაბილიტაციო ეტაპზეა.

დღეს, 27 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე დეპუტატებმა ქონების გადაცემის საკითხი დაამტკიცეს.