თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის (სომხური ფილოლოგიის) მიმართულებაზე ყოველწლიურად მაქსიმუმ 5 სტუდენტი ირიცხება – ძირითადად, სომხური სკოლადამთავრებული, ეროვნებით სომეხი საქართველოს მოქალაქეები. მიუხედავად მდიდარი ისტორიისა და დიდი მნიშვნელობისა, არმენოლოგიის მიმართულებას მრავალი პრობლემა აქვს, რაც ხელს უშლის მის პოპულარიზაციას.

თაგუჰი სირაკანიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. იგი ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძას მაცხოვრებელია. არმენოლოგიის არჩევის გადაწყვეტილება თაგუჰიმ რთულად მიიღო, შეიძლება ითქვას, გარე ზეწოლის დაძლევის ფასად.

„საქართველოში ბევრისთვის ეს პროფესია ნაცნობი არ არის. ამის გამო ხშირად შევეჯახე მცდარ და ზედაპირულ აზრებს, თითქოს არმენოლოგია მხოლოდ სომხური ენის სწავლით შემოიფარგლება. როდესაც ადამიანები იგებდნენ, რა სპეციალობის არჩევას ვაპირებდი, მეუბნებოდნენ: „თუ სომხური იცი, მეტი რაღაში გჭირდებაო?“, ან მიიჩნევდნენ ამას დროის ფუჭ კარგვად და მირჩევდნენ, სანაცვლოდ „უფრო სასარგებლო“ პროფესია ამერჩია“.

თაგუჰი აღნიშნავს, რომ არმენოლოგია მრავალდარგოვანი სამეცნიერო სფეროა, რომელიც მოიცავს სომეხი ხალხისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, გრაბარის (ძველი სომხური ენის), კულტურის, ენის, ლიტერატურის, სულიერი მემკვიდრეობის, შუა საუკუნეებისა და ახალი ეპოქის წყაროების შესწავლას.

taguhi 1

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის (სომხური ფილოლოგიის) მიმართულების მოწვეული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს არმენოლოგიის სწავლების მთავარი გამოწვევა მასობრივი განათლების პირობებში ამ დარგისთვის ელიტარული სტატუსის შენარჩუნებაა. არმენოლოგია ხშირად აღიქმება როგორც ვიწრო სპეციალიზაცია და არა როგორც კავკასიისა და შუა საუკუნეების ისტორიის შესწავლის ფუნდამენტური დისციპლინა. პროფესორის აზრით, სომხური ფილოლოგიისა და ისტორიის ცოდნის მქონე სპეციალისტები საქართველოში მრავალ სფეროშია საჭირო: პედაგოგიურ და სამეცნიერო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, საგარეო ურთიერთობებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, რეგიონებთან ურთიერთობის, შინაგან საქმეთა და სასაზღვრო უწყებებში. ხათუნა გაფრინდაშვილს მიაჩნია, რომ ამ სპეციალისტებზე საბაზრო მოთხოვნა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

„არმენოლოგიის მიმართულება კურსდამთავრებულებს ამზადებს შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და მათ აძლევს შესაძლებლობას, სწავლა გააგრძელონ როგორც არმენოლოგიურ, ისე მომიჯნავე სპეციალობებში. ჩემი რჩევა იქნება, მომავალმა სტუდენტებმა სრულად გააცნობიერონ არმენოლოგიის, როგორც პროფესიის მნიშვნელობა, რომ სომხური ენისა და ლიტერატურის, სომხეთის ისტორიის სრულფასოვანი შესწავლისა და ქართულ-სომხურ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებში არსებული სადავო საკითხების კვლევისთვის დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. ისინი უნდა იყვნენ ფრთხილნი, დელიკატურნი და ობიექტურნი წყაროების მიმართ და ისწავლონ განსხვავებული აზრის პატივისცემა“, — ამბობს გაფრინდაშვილი.

პროფესორი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ლექტორმა უნდა შეინარჩუნოს კლასიკური სკოლის ტრადიციები და, ამავდროულად, დააკმაყოფილოს თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნები. არმენოლოგიის შემთხვევაში, ძალიან რთულია სტუდენტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა. მათთვის მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ერთდროულად უნდა შეისწავლონ როგორც თანამედროვე ლიტერატურული სომხური, ისე კლასიკური სომხური (გრაბარი). ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობისა და მისი კრიტიკული ანალიზის უნარის განვითარებას წლები სჭირდება. თანამედროვე სტუდენტები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სწრაფ უკუკავშირსა და ხილვად შედეგებზე, ამას დაბრკოლებად მიიჩნევენ, რაც ხშირად იწვევს მოტივაციის შემცირებას.

გარდა ამისა, საქართველოში არმენოლოგიას სხვა მნიშვნელოვანი ბარიერიც აქვს. წყაროები შეზღუდულია და არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ თემაზე ქართულენოვანი ლიტერატურა უბრალოდ არ არსებობს. ასეთ ვითარებაში სტუდენტები იძულებულნი არიან, ისარგებლონ სომხური წყაროებით და მასალა თავად თარგმნონ ქართულად. სომეხი სტუდენტებისთვის, რომლებიც თავისუფლად ფლობენ მშობლიურ ენას, ეს გარკვეულწილად გადალახვადი პრობლემაა.

„თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით ქართველ სტუდენტებზე, რომლებიც სომხურ ენას არ ფლობენ და ხშირად სერიოზული სირთულეების წინაშე დგებიან. ქართულენოვანი წყაროების ნაკლებობა მათ ართმევს თემის სრულფასოვნად შესწავლის შესაძლებლობას და ზოგჯერ ზღუდავს კიდეც დარგისადმი ინტერესს. არმენოლოგია საქართველოში ჯერ კიდევ საჭიროებს განვითარებას, განსაკუთრებით თარგმანების, სამეცნიერო მასალების ხელმისაწვდომობისა და მრავალენოვანი სასწავლო-სამეცნიერო ბაზის შექმნის კუთხით“, – ამბობს თაგუჰი სირაკანიანი.

ზემოაღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, ეროვნებით ქართველი სტუდენტები არ ირჩევენ არმენოლოგიას. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებაზე სტუდენტების რაოდენობა მცირეა, რაც თავის მხრივ სხვა პრობლემებსაც წარმოშობს.

„მცირე რაოდენობის გამო, ზოგჯერ ჩვენს მიმართულებას საუნივერსიტეტო დონეზე სათანადო ყურადღება არ ექცევა. არსებობს აუდიტორიების შეზღუდულობის პრობლემაც. არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე აუდიტორიაში ერთდროულად სხვადასხვა საგნის ლექცია ტარდება. შედეგად იქმნება დისკომფორტი, რაც გავლენას ახდენს თემის სრულყოფილ აღქმასა და კონცენტრაციაზე. გარდა ამისა, არსებობს ტექნიკურ პირობებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც შეიძლება წვრილმანად მოგვეჩვენოს, თუმცა რეალურად დიდ გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე“, – ამბობს სტუდენტი.

თაგუჰი სირაკანიანიც და ხათუნა გაფრინდაშვილიც აღნიშნავენ, რომ არმენოლოგიის მიმართულებამ, თავისი ძირითადი ფუნქციის გარდა, რომელსაც საუკუნეზე მეტია ასრულებს, შეიძინა ახალი, მნიშვნელოვანი როლი საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის: ერთის მხრივ, ეხმარება მათ სომხური იდენტობის შენარჩუნებაში, ხოლო მეორეს მხრივ – საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციაში.

„არმენოლოგიის კათედრამ კიდევ ერთი ახალი ფუნქცია შეიძინა: აღზარდოს სომეხი ახალგაზრდობა, როგორც საქართველოს სახელმწიფოს სრულუფლებიანი მოქალაქეები და გაუზიაროს მათ ქართული არმენოლოგიური სკოლის ტრადიციები და ქართული კულტურა. კათედრის კურსდამთავრებული ეროვნებით სომეხი სპეციალისტები წარმატებით აგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა სტრუქტურაში“, – ამბობს ხათუნა გაფრინდაშვილი.

თაგუჰი სირაკანიანი აღნიშნავს:
„მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი იდენტობა. საქართველოში ყოფნისას მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ჩვენი ენა, ისტორია და კულტურა, როგორც ღირებულება, რომელიც ჩვენს ფესვებთან გვაერთიანებს. არმენოლოგია სწორედ ის გზაა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ეს იდენტობა გააზრებულად შევინარჩუნოთ და თაობიდან თაობას გადავცეთ“.

სტუდენტიც და პროფესორიც ფიქრობენ საქართველოში არმენოლოგიის განვითარების აუცილებლობაზე. ხათუნა გაფრინდაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას სტუდენტურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დონეზე.

„ერთობლივი ღონისძიებები, სემინარები, კონფერენციები, კულტურული შეხვედრები, ლინგვისტური და ისტორიული კვლევები ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა, გაიზიარონ გამოცდილება და იდეები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას“.

თაგუჰი სირაკანიანი მიიჩნევს, რომ საჭიროა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან გაცვლითი პროგრამების სტიმულირება, სტუდენტური და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება საზღვარგარეთ, საერთაშორისო კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების მოწყობა.

„პროგრამის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ დღევანდელმა საგანმანათლებლო სისტემამ სტუდენტს აჩვენოს: სომხური ენისა და ლიტერატურის, სომხეთის ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ცოდნა აუცილებელია არა მხოლოდ არმენოლოგებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც დაინტერესებულია ქართულ-სომხური ურთიერთობებით, საქართველოს ისტორიითა და ზოგადად სამხრეთ კავკასიით“.

ამრიგად, არმენოლოგია საქართველოში მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის იდენტობის შენარჩუნების, ისტორიის მრავალმხრივი აღქმისა და ხალხთა შორის დიალოგის ფორმა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის მიმართულება წლების განმავლობაში აყალიბებდა სპეციალისტებს, რომლებიც დღეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, დიპლომატიურ და კულტურულ სფეროებში მოღვაწეობენ.

არმენოლოგიის ისტორია თსუ-ში
1918 წლიდან უნივერსიტეტში სომხური ენის კურსს ასწავლიდა დავით ყიფშიძე, რომელიც საქართველოში პირველი კურსდამთავრებული არმენოლოგი იყო. 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა არმენოლოგიის კათედრა (ხელმძღვანელი -ლ. მელიქსეთ-ბეგი), რომელიც ეხმარებოდა სხვადასხვა კათედრას და ასწავლიდა არმენოლოგიურ საგნებს ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე. 1945 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე გაიხსნა არმენოლოგიის კათედრა, რომელიც დღემდე არსებობს და ამზადებს სტუდენტებს არმენოლოგიის სპეციალობით.

საქართველოში ძველი და ახალი სომხური ენები ყოველთვის აქტიურად შეისწავლებოდა (დ. ყიფშიძე, ა. შანიძე, ივ. შილაკაძე). სწორედ ივანე შილაკაძის დამსახურებაა, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს საკუთარი სახელმძღვანელოები როგორც ძველ, ისე ახალ სომხურ ენაზე. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, არმენოლოგიის კათედრა ეწეოდა და აგრძელებს კვლევებს ქართულ-სომხური ენობრივი (ე. დოჩანაშვილი, მ. რობაქიძე) და ლიტერატურული (ლ. მელიქსეთ-ბეგი, ა. ხარატიანი) მიმართებების, წყაროთმცოდნეობისა და ტექსტოლოგიის (ზ. ალექსიძე, ნ. აფციაური, ნ. ჩანტლაძე, რ. ჩუბაბრია, დ. ჩიტუნაშვილი, თ. ევდოშვილი, ი. ხოსიტაშვილი, ხ. გაფრინდაშვილი) და ხელოვნების ისტორიის (ზ. სხირტლაძე) მიმართულებით.

1979 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგედ ზაზა ალექსიძე დაინიშნა, რამაც კათედრის მუშაობის სტილი სრულიად შეცვალა. ზაზა ალექსიძე, გრაბარისა და ძველი სომხური დამწერლობის შესწავლასთან ერთად, ასწავლიდა ისეთ საგნებს, როგორიცაა: სომხური პალეოგრაფია და ეპიგრაფიკა, ხელოვნების ისტორია, ქართულ-სომხური არქიტექტურა, ეკლესიის ისტორია, დასავლეთსომხური ენა, დიალექტოლოგია, თარგმანის თეორია და პრაქტიკა.