26 თებერვალს, ახალქალაქის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატები კვლავ დაინტერესდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი ავტობუსების მდგომარეობითა და ამ მიმართულებით მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯებით.

კომისიის სხდომაზე ერთ-ერთი დაუგეგმავი, თუმცა აქტიურად განხილული საკითხი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება იყო. დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ მარშრუტების ასამოქმედებლად ბიუჯეტში სახსრები ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული.

მმართველი პარტიის დეპუტატი, არმენ მარანგოზიანი დაინტერესდა, გამოიყო თუ არა წელს დაფინანსება ტრანსპორტის ასამუშავებლად:

„უკვე მარტი დადგა, მაგრამ ავტობუსების ექსპლუატაციისთვის ვერანაირ ფინანსურ სახსრებს ვერ ვხედავთ. როგორც ვხვდებით, ეს წელს აღარ გაკეთდება?“ — აღნიშნა მან.

მერიის წარმომადგენელმა, მნაცაკან ფამბუხჩიანმა განაცხადა, რომ უშუალოდ ავტობუსებთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობს. მან აღნიშნა, რომ სისტემის ასამუშავებლად საჭიროა ახალი სამსახურის შექმნა, ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, მათ შორის — გადახდის აპარატების დამონტაჟება და ბანკებთან ხელშეკრულებების გაფორმება.

დეპუტატმა გიორგი პეტროსიანმა დააზუსტა, გადაწყდა თუ არა ავტოპარკინგის საკითხი. მერიის ინფორმაციით, წარდგენილია განაცხადი „სელხოზტექნიკის“ სიახლოვეს მდებარე შენობის ავტობუსების სადგომად გამოყენების შესახებ. რაც შეეხება ავტობუსის გაჩერებებს, მათი ნაწილი უკვე არსებობს, დანარჩენის აშენება კი დაგეგმილია.

თუმცა, დეპუტატები ზოგადი ფორმულირებებით კმაყოფილნი არ დარჩნენ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აინტერესებთ არა გეგმების ჩამონათვალი, არამედ უკვე შესრულებული სამუშაოები და პროექტების განხორციელების კონკრეტული ვადები.

„ჩვენ კითხვა დაგისვით, თქვენ კი კითხვაზე კითხვითვე გვიპასუხეთ. ჩვენ არ გვიკითხავს, რა უნდა გააკეთოთ, ჩვენ ვიკითხეთ — რა გაკეთდა უკვე და როდის განხორციელდება ეს ყველაფერი“, — აღნიშნა დეპუტატმა ნაირი ირიციანმა.

საპასუხოდ, მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აპარატმა შეისწავლა სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილება, კერძოდ, მივიდნენ ახალციხეში, სადაც განიხილეს სატრანსპორტო სისტემის ორგანიზება და არსებულ გამოწვევები. ეს გამოწვევები მოიცავს ინსპექტორების საჭიროებას, მგზავრობის საფასურის გადახდისგან თავის არიდების პრობლემას, ვალიდატორების დამონტაჟებას, ბანკებთან ხელშეკრულებებს, პენსიონერების, ბავშვებისა და სტუდენტების შეღავათების განსაზღვრას, ასევე შესაბამისი სამინისტროსგან საჭირო ნებართვის მიღებას.

არმენ მარანგოზიანმა გაოცება გამოხატა პროექტის შემუშავების ვადებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მსგავსი სამუშაოები ავტობუსების შეკვეთის ეტაპზევე უნდა დაწყებულიყო. მერიამ კი განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ავტობუსების რეალურ ჩამოსვლამდე დალოდება.

ცალკე განხილვის საგანი გახდა მარშრუტების საკითხი. დეპუტატებმა წამოაყენეს წინადადება, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს ასფალტირებული გზების მქონე სოფლებს, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საბოლოო მარშრუტები ჯერ დამტკიცებული არ არის.

დისკუსიის დასასრულს დეპუტატმა ჰამლეტ მოვსისიანმა შეხვედრაზე დამსწრე მედიასაშუალებებს მოუწოდა, ზუსტად გააშუქონ მარშრუტებთან დაკავშირებული პრობლემები. მან აღნიშნა, რომ გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე და მოსახლეობაში გაუგებრობა გამოიწვიოს, რადგან მოძრაობის მიმართულებებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვისას, მერიის აპარატმა განაცხადა, რომ იანვრიდან ტრანსპორტის საკითხი საკრებულოში განიხილებოდა და მიიღებოდა გადაწყვეტილებები მოძრაობის მიმართულებების შესახებ.