საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი და გაცივებული ხორცის იმპორტი 2.5-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში 948 700 აშშ დოლარის ღირებულების 172 ტონა ხორცი შემოვიდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის იანვარში 386 800 აშშ დოლარის ღირებულების 79 ტონა იყო.

მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ახალი და გაცივებული საქონლის ხორცი დაახლოებით 13%-ით გაუძვირდა.

მიმდინარე წლის იანვარში ხორცი ოთხი ქვეყნიდან შემოვიტანეთ: ბელარუსი (463 400 აშშ დოლარის), უკრაინა (444 600 აშშ დოლარის), არაბთა გაერთიანებული საამიროები (38 500 აშშ დოლარის) და საფრანგეთიდან მცირე რაოდენობა (2200 აშშ დოლარის).

აღსანიშნავია, რომ იმპორტის ზრდა იყო გასულ წელს ჯამურადაც. კერძოდ, 2025 წელს, საქართველოში 9,5 მლნ აშშ დოლარის 1686 ტონა ახალი და გაცივებული ხორცის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2024 წელს ჯამურად იმპორტმა 6,9 მლნ აშშ დოლარი და 1410 ტონა შეადგინა.

გასულ წელს, ახალი და გაცივებული საქონლის ხორცის მთავარი სამი საიმპორტო ქვეყანა იყო:

ბელარუსი – 5,2 მლნ აშშ დოლარი – 972 ტონა
რუსეთი – 2 მლნ აშშ დოლარი – 406 ტონა
უკრაინა – 1,4 მლნ აშშ დოლარი – 290 ტონა
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ფერმერები და ხორცის რეალიზატორები ქვეყანაში ხორცის დეფიციტზე საუბრობენ, რაც ხორცის წარმოების შემცირებას უკავშირდება. კერძოდ, 2025 წელს ხორცის წარმოება 82 ათასი ტონა იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია.