2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 177%-ით გაიზარდა იმ პირების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 100 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში 100-ლარამდე ხელფასი 7 652 ადამიანს ჰქონდა, 2026 წლის იანვარში კი მათი რიცხვი 21 249-ს შეადგენდა.
ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 31.8%-ით შემცირდა 100 ათას ლარზე მეტი ხელფასის მიმღებთა რიცხვი. უფრო კონკრეტულად, დეკემბერში 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი 716 პირს ჰქონდა, იანვარში კი 488 პირის ხელფასი აღემატებოდა 100 ათას ლარს.
„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, იანვარში 100-დან 1000-ლარამდე ხელფასს 243 116 პირი იღებდა, დეკემბერში კი ამ კატეგორიის ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 157 388-ს შეადგენდა. ამ შემთხვევაში 54.5%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ამის პარალელურად, 23.7%-ით არის შემცირებული იმ პირების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც თვეში 1000-ლარიდან 9600-ლარამდე იყო. მაგალითად, დეკემბერში აღნიშნული მოცულობის ხელფასი 809 258 დასაქმებულს ჰქონდა, იანვარში კი 617 388 პირს.
61%-იან კლებას აჩვენებს იმ დასაქმებულების რაოდენობაც, რომლებიც თვეში 9600-ლარიდან 100 ათას ლარამდე ხელფასს იღებდნენ. უფრო კონკრეტულად, იანვარში ამ ოდენობის ხელფასს 23 440 დასაქმებული იღებდა, დეკემბერში კი 60 122 პირი.