ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. ფერმერები ამას რძისა და ხორცის დაბალი ფასებით, მწყემსების ნაკლებობით, საძოვრების მოძიებისა და პროდუქციის რეალიზაციის სირთულეებით ხსნიან. ბევრი გლეხისთვის ტრადიციული მეცხოველეობა აღარ არის შემოსავლის სტაბილური წყარო, თუმცა ცალკეული მეურნეობები, რომლებიც ახალ მიდგომებს ნერგავენ, მაინც პოულობენ მომგებიანი მუშაობის შესაძლებლობას.

იმას, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობა ბევრისთვის მომგებიან საქმიანობად აღარ ითვლება, ადასტურებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მონაცემებიც.

ცენტრის მონაცემებით, 2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2024 წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით შემცირდა. მოსახლეობა ამას ძირითადად პროდუქციის რეალიზაციის სირთულეებითა და მუშახელის დეფიციტით ხსნის.

მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც ტრადიციულად მეცხოველეობითაა დაკავებული, პირუტყვის რაოდენობის კლება გავლენას ახდენს რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე, რაც, თავის მხრივ, აისახება გლეხების კეთილდღეობაზე.

სოფელ კორხის მაცხოვრებლის- ვარდუჰის თქმით, ნებისმიერი სახის პირუტყვის შენახვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მომგებიანი, თუ პროდუქციას სტაბილური მყიდველი ჰყავს.

რამდენიმე წლის წინ ვარდუჰის ცხვარი და თხა ჰყავდა, თუმცა მატყლის გაყიდვის შესაძლებლობის არქონის გამო, იძულებული გახდა მათზე უარი ეთქვა. ამჟამად მას საკუთარ მეურნეობაში 50 ძროხა ჰყავს.

პირუტყვის შენახვა მომგებიანი არ არის, ის დიდ შრომას მოითხოვს. კარგია, რომ რძე წელს გაძვირდა, მე მას 1 ლიტრს 3 ლარად ვყიდი. მეცხოველეობით თავის გატანა შეიძლება, მაგრამ დიდ შენაძენებს ამით ვერ გააკეთებ, ფულს ვერ შეაგროვებ. ჩვენს სოფელში სულ 10 ძროხაღა დარჩა. სოფლებში — ორჯასა და ვარევანშიც შემცირდა სულადობა, ყველგან იკლო პირუტყვის რაოდენობამ. მწყემსებთან დაკავშირებითაც პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება კარგია — 300 ლარი ერთ ძროხაზე სეზონის განმავლობაში. არის საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემებიც“, — ამბობს ვარდუჰი.

სოფელ აზავრეთის მაცხოვრებელი ერჯო ჩახალიანს ახლა ოთხი ძროხა ჰყავს, მაშინ როცა ადრე შვიდი ან რვა ჰყავდა. ის ამბობს, რომ დაბალი რენტაბელობის გამო იძულებული გახდა პირუტყვის რაოდენობა შეემცირებინა.

„რძე საგრძნობლად გაუფასურდა. ერთი ლიტრი ახლა 1.70 ლარია, ზაფხულში კი 1.50 ლარი იყო. ხორცის ფასი 1 კილოგრამზე 22 ლარია. მწყემსებთან დაკავშირებითაც პრობლემაა — ერთი დღის სამუშაო 120 ლარი ღირს და მაინც ვერ იპოვი. მინდა პირუტყვის რაოდენობის გაზრდა, მაგრამ შენახვა რთულია. რძის ფასი მთელი წლის განმავლობაში 2 ლარი მაინც რომ იყოს, მაშინ პირუტყვის შენახვა მომგებიანი იქნებოდა“, — ამბობს ფერმერი.

პეტროს ჩახალიანი აზავრეთიდან მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა რძის დაბალი ფასია. მას ოთხი ძროხა ჰყავს.

„მწყემსები არ არიან, რძე იაფია, ყველის წარმოება კი — არამომგებიანი“, — მოკლედ აღნიშნავს პეტროსი.

აზავრეთის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა თქვა, რომ სურს მეცხოველეობას მიჰყოს ხელი, რადგან სოფელში, ფაქტობრივად, სხვა სამუშაო არ არის. თუმცა, დაბალი მომგებიანობის გამო, მან პირუტყვის რაოდენობა ხუთიდან ორამდე შეამცირა.

აზავრეთიდან სარგის მელქონიანი მიიჩნევს, რომ წარსულში მეცხოველეობა გლეხებისთვის უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე მიწათმოქმედება.
„აზერბაიჯანელი მყიდველები რომ არ იყვნენ, ჩვენი პირუტყვის ხორცი არ გაიყიდებოდა და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით“, — ამბობს ის.

ამავდროულად, სოფელ დადეშიდან ვარაზდატ ჰაკობიანი საკუთარ შემოსავალზე არ ჩივის. მას ჰყავს რვა ჰოლშტეინისა და შვიცის ჯიშის ძროხა, რომლებიც დღეში 28-30 ლიტრ რძეს იძლევიან.

მან ევროპული ჯიშები 2019 წელს შეიძინა. თავიდან სირთულეები იყო: ძროხებს სპეციალური საკვები სჭირდებოდათ და ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან შეგუება უჭირდათ. ახლა, ვარაზდატის თქმით, ფერმა მომგებიანი გახდა. ის რძეს ლიტრს 2 ლარად ყიდის.

„რძის ფასი ლიტრზე 2 ლარი თუ დარჩება, მეცხოველეობა ჩემთვის მომგებიანი იქნება. რძეც და ხორციც გაძვირდა, კმაყოფილი ვარ. მე მწყემსის ან საძოვრების პრობლემა არ მაქვს. ვიყენებ სპეციალურ საკვებს. ევროპული ჯიშები დიდ ყურადღებას მოითხოვენ, მაგრამ ისინი შემოსავლიანია“, — აღნიშნავს ვარაზდატ ჰაკობიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობა ტრანსფორმაციის ფაზაშია. მცირე ფერმების უმეტესობისთვის ის წამგებიანი გახდა დაბალი ფასების, მუშახელის ნაკლებობისა და მარკეტინგული სირთულეების გამო. ამავდროულად, მოდერნიზაციას და მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოყვანას შეუძლია დარგი მომგებიანი გახადოს, თუმცა ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.