გრიპის ვირუსი საქართველოში დომინანტური აღარ არის და მას რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი ანაცვლებს, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უკვე შეინიშნება როგორც ეპიდემიოლოგიური სურათის ცვლილება, ისე ახალი გამოწვევები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში.

„მიმდინარე წლის მეხუთე კალენდარულ კვირაში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი 43%-ს შეადგენდა, მეექვსე კვირაში კი, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემია, ეს რიცხვი 23%-მდე შემცირდა. მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რაც გასაგებია, ვინაიდან ვთვლით, რომ გრიპის პიკი უკვე გადასულია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, გრიპის აქტიურობის კლებასთან ერთად, როგორც წესი, სხვა რესპირაციული ვირუსები აქტიურდება. წელს კი წამყვან პოზიციაზე რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი (RSV) გამოვიდა.

„როგორც წესი, თუ გრიპის ვირუსი თავის აქტიურობას ამცირებს, მას ანაცვლებს სხვა ვირუსი და წელს ეს არის სწორედ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი. ეს ვირუსი განსაკუთრებით კარგად არის ცნობილი იმ დედებისთვის, რომელთაც 2-3 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, ვინაიდან ის იწვევს ეგრეთ წოდებულ ბრონქიოლიტს“, – აღნიშნა მან.

ჩხაიძის თქმით, თუ გრიპისთვის ტიპური გართულება ფილტვების ანთებაა, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევაში მთავარი გართულება წვრილი ბრონქების ანთება – ბრონქიოლიტია. მისი ინფორმაციით, ბრონქიოლიტის შემთხვევათა დაახლოებით 70% სწორედ ამ ვირუსთან არის დაკავშირებული.

„სტაციონარული მიმართვიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით პედიატრიულ სტაციონარებში, ფილტვის ანთება აღარ არის მთავარი დიაგნოზი გართულების თვალსაზრისით, არამედ სწორედ ბრონქიოლიტი. მას ახასიათებს მკვეთრად გახშირებული სუნთქვა, შეტევითი ხასიათის ხველა, მსტვინავი სუნთქვა და სუნთქვის აქტში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობა – როდესაც დედა ხედავს, რომ ბავშვს ნეკნთაშუა არეები და გულმკერდი ჩადრეკილი აქვს“, – განმარტა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ასეთი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის შეფასება და ხშირ შემთხვევაში – ჰოსპიტალიზაცია, განსაკუთრებით 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.

„ამ დაავადებას სპეციფიკური მკურნალობა არ აქვს, თუმცა საჭიროებს ჟანგბადის დამატებით მიწოდებას და დამხმარე თერაპიას. მისი მართვა საავადმყოფოს პირობებშია აუცილებელი, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, სადაც ის შედარებით მძიმედ მიმდინარეობს“, – აღნიშნა მან.

პროფესორის განცხადებით, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი მხოლოდ ბავშვებისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. მაღალი რისკის ჯგუფში არიან 65 წელს გადაცილებული პირები და იმუნოსუპრესიული მდგომარეობის მქონე ადამიანები.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 10-დან 30 ათასამდე 65 წელს გადაცილებული ადამიანი კვდება სწორედ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული გართულებების გამო. ძირითადად, ეს არის ფილტვების ანთება და სუნთქვის უკმარისობა. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვირუსი მაღალი რისკის შემცველია გართულებების განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება პრევენციას, მისი თქმით, ბოლო წლებში უკვე არსებობს რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, თუმცა მათი გამოყენება უნივერსალური ჯერ არ არის.

„ამერიკის შეერთებული შტატები ამ მხრივ პიონერია და იქ სხვადასხვა ტიპის ვაქცინა გამოიყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. საქართველოში ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რათა განვიხილოთ, რამდენად და რა ფორმით შეიძლება მისი დანერგვა. ფაქტია, რომ ასეთი ვაქცინა არსებობს და ეს დროის ფაქტორია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.