“ოცნების” მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 თებერვალს, შრომის ბაზრის კვლევის ანალიზის შედეგები წარადგინა. მისი თქმით, კვლევის მიზანი სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების იმგვარი გადანაწილებაა, რომელიც ბაზრის რეალურ მოთხოვნებს უპასუხებს.

ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიები
კვლევის მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ქვეყანას სულ 64 095 უმაღლესდამთავრებული დასჭირდება (42 316 – კერძო სექტორში, 21 779 – საჯაროში).

ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების ათეული ასე გამოიყურება:

საშუალო სკოლის მასწავლებლები;
გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები;
ექთნები და ექიმები;
მშენებლობის მენეჯერები და ზედამხედველები;
პროგრამისტები;
პროფესიული განათლების მასწავლებლები;
ელექტრიკოსები;
მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები.
გარდა ამისა, პრეზენტაციის მიხედვით, გამოიკვეთა მკვეთრი დეფიციტი საინჟინრო-ტექნიკური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, კვლევამ აჩვენა „შემაშფოთებელი შეუსაბამობა“ სტუდენტების რაოდენობასა და ბაზრის მოთხოვნას შორის. განსაკუთრებით პრობლემურია იურიდიული მიმართულება.

„კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტი, მაშინ როდესაც იურიდიულზე 3 600 აბარებს და 2 050 ამთავრებს. ჩვენ პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს… ისინი ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის გეგმით, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა უნდა შემცირდეს. კვლევის მიხედვით, ოპტიმალური მაჩვენებელი წელიწადში 14 400 სტუდენტია, თუმცა წელს მიღება 21 300 კვოტაზე გამოცხადდება, რაც ეტაპობრივად კიდევ უფრო შემცირდება.

კვლევა ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებმა ბიზნესასოციაციასთან ერთად ჩაატარეს.

შერჩევა: შემთხვევითი პრინციპით გამოიკითხა 12 500 საწარმო.
საჯარო სექტორი: მოიცვა ყველა სახელმწიფო უწყება და სსიპ-ი.
ცდომილება: 0,49%.

bm.ge