რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დღეს დიდმა ბრიტანეთმა ორი ქართული ტელევიზია, Postv და “იმედი” დაასანქცირა.

დღემდე ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სია ასე გამოიყურება:

2024 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციებს დაუწესა ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე:

ვახტანგ გომელაური – ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი
ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი. (აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე)
ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე.
გასული წლის 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა დაამატა მოსამართლეები, „სასამართლოს კლანის“ წევრებად მიჩნეული ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.

დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსანს:

ყოფილი გენერალური პროკურორი [აუდიტის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი] გიორგი გაბიტაშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ბედოიძე;
შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი („ხარებას”) მოადგილე მირზა კეზევაძე;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი კარლო კაციტაძე.

გასული წლის 19 სექტემბერს კი დიდმა ბრიტანეთმა ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაასანქცირა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირების მიზეზი გახდა ვასაძის განცხადებები, რომლებსაც ის საკუთარ მედიაპლატფორმაზე ავრცელებდა. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეც დაასანქცირა.