შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის ფილიალში თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციისას, მომხმარებლებს 57 ლარის ნაცვლად 250 ლარი ეჩვენებათ. სააგენტო ამტკიცებს, რომ თეორიული გამოცდის საფასური 250 ლარი ვერ იქნება და ეს, სავარაუდოდ, ტექნიკური ხარვეზია.

ახალქალაქში მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველებს რამდენიმე დღეა სარეგისტრაციო საიტზე გამოცდის ღირებულებად 250 ლარი უჩანს.

Jnews დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სადაც განმარტეს, რომ თეორიული გამოცდა 57 ლარი ღირს და მიუხედავად იმისა, თუ სად ტარდება ის, მისი ფასი 250 ლარი ვერ იქნება. მათ განმარტეს, რომ ეს, სავარაუდოდ, ტექნიკური ხარვეზია, რომელიც რაც შეიძლება მალე გამოსწორდება.

13 თებერვალს, სარემონტო სამუშაოების გამო თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის ფილიალმა მუშაობა განაახლა. აქ სააგენტოს ყველა მომსახურებაა ხელმისაწვდომი, გარდა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდებისა.

exam

აღვნიშნავთ, რომ დღეს, 23 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვცადეთ მომსახურების სააგენტოდან გაგვერკვია, თუ რატომ ჩანდა 250 ლარი 57 ლარის ნაცვლად, ეს შეცდომა გასწორდა.