16 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა. მან ისაუბრა სისტემაში არსებულ 7 ძირითად გამოწვევასა და რეფორმის 7 მთავარ ამოცანაზე.

განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ წარდგენილ კონცეფციაში, ისევე როგორც სხვა ოფიციალურ განცხადებებში, საერთოდ არ არის ნახსენები „1+4“ პროგრამა -მექანიზმი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ეთნიკური უმცირესობების უმაღლეს განათლებაში ჩართულობის ძირითად ინსტრუმენტად, რამაც საზოგადოებაში გაურკვევლობა და შეშფოთება გამოიწვია.

ამ საკითხის დასაზუსტებლად „ალიქ მედია საქართველო“ დაუკავშირდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სადაც აღნიშნეს, რომ „1+4“ პროგრამაში ამ ეტაპზე არსებითი ცვლილებები არ იგეგმება. ამასთანავე, სამინისტროდან განაცხადეს, რომ ეს პროგრამა ფუნქციონირებას განაგრძობს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით და მის ფარგლებში სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ აბიტურიენტთა მიღება დროებითი ღონისძიებაა და მოქმედებს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით. შესაბამისად, 2026 წელს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა იმოქმედებს. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქის სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს“, — უპასუხეს სამინისტროში.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის თანახმად, ბაკალავრიატში სწავლება 4 წლის ნაცვლად 3-წლიანი ხდება. შესაბამისად, მცირდება „1+4 პროგრამის“ ხანგრძლივობაც: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები, ქართულ ენაში მომზადების 1 წლის შემდეგ, სწავლას ბაკალავრიატზე განაგრძობენ, სადაც 4 წლის ნაცვლად 3 წელს ისწავლიან.

ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 12 თებერვალს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საგრძნობლად შეიცვალა უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა, მათ შორის იმ უნივერსიტეტებშიც, სადაც მოქმედებს „1+4 პროგრამა“.

მაგალითად:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობა შემცირდა 6650-მდე;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს რიცხვი შემცირდა 300 სტუდენტამდე;

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში — 3880-მდე;

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი — 220-მდე.

ამასთანავე, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული პრინციპის — „ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი“ ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტები დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ პროფილებს და შეიცვალა საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ განხორციელდება მიღება „1+4“ პროგრამით, რამდენი ადგილია განსაზღვრული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტებისთვის იმ უნივერსიტეტებში, სადაც ეს პროგრამა მოქმედებს; რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წელს ასრულებენ ამ პროგრამას და ბაკალავრიატის პროგრამა უნდა აირჩიონ, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. „ალიქ მედია საქართველო“ ამ საკითხების გარკვევისთანავე მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც „1+4“ პროგრამა, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მოქმედი შეღავათიანი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი ძირითადი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათ სამოქალაქო ინტეგრაციაში ხელშეწყობა.