„არის შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას საზღვრის გადასაკვეთად 30-35 დღე უწევს ლოდინი, ეს კატასტროფაა“, — განუცხადა BusinessPressNews-ს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ნემსაძემ.

მისი თქმით, ამ სფეროს ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული პრობლემა საბაჟო გამშვები პუნქტების დაბალი გამტარუნარიანობაა, რაც მიწოდების დაგვიანებას იწვევს.

„მთავარი ინფრასტრუქტურული პრობლემა საბაჟო გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობაა. ის საკმაოდ დაბალია და ამის გამო საზღვრებთან ასობით მანქანა ელოდება რიგს. ეს ორმხრივი მოძრაობის პრობლემაა. ნებისმიერ საზღვარზე, გზის ერთ მხარეს ქართული მხარეა, მეორე მხარეს კი — მეორე ქვეყნის. თუ რომელიმე მხარე შეფერხებით მუშაობს, საერთო გამტარუნარიანობა იკლებს.

მაგალითად, თუ ქართული მხარე სატრანსპორტო საშუალებებს საზღვარზე უპრობლემოდ ატარებს, მაგრამ, ვთქვათ, თურქული მხარე ვერ ახერხებს პროცესის დაჩქარებას, მაშინ ქართული მხარეც იძულებულია, მანქანები ნელა გაატაროს. მაღალი ტვირთბრუნვის გამო ყველაზე პრობლემური სარფის საბაჟო გამშვები პუნქტია, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. იგივე ეხება ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტსაც. ტვირთგადაზიდვის პრობლემებს ხელს უწყობს გეოგრაფიული და კლიმატური ფაქტორებიც. ჩვენ გვაქვს ორი კრიტიკული პერიოდი: ზამთარი და ზაფხული“, – განაცხადა ირაკლი ნემსაძემ.

„არსებითად, მძღოლებს უთავდებათ საკვები, ფული და სხვა რესურსები. ბუნებრივია, ეს იწვევს შეფერხებებს ტვირთის მფლობელისთვის მიწოდების პროცესში. რა უნდა გაკეთდეს – ეს სიტუაციის გააზრებაზეა დამოკიდებული. ყოველი დღე, როდესაც მანქანა ამ მდგომარეობაშია, გარანტირებული ხარჯია. მძღოლი იღებს ხელფასს, მას სჭირდება კვებითა და დასვენებით უზრუნველყოფა. საწვავი ტყუილად იხარჯება, რადგან მანქანა დიდხანს ვერ იქნება გაჩერებული ძრავის ჩაუმქრალად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სიცივეში უწევთ მუშაობა. ერთი სიტყვით, ეს კატასტროფაა მძღოლისთვის -როგორც ფინანსური, ისე მორალური თვალსაზრისით“, — დაამატა მან.

ნემსაძის თქმით, აუცილებელია მეზობელ ქვეყნებთან საბაჟო სისტემების სინქრონიზაციის გამარტივება.

„პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებთან საბაჟო სისტემების სინქრონიზაციაა. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ერთიან სისტემაში და მაქსიმალურად ეფექტური გზით. მაგალითად, თუ თქვენ ამოწმებთ რაღაცას „X“ სისტემაში და გაქვთ ტვირთის მიწოდების სრულიად განსხვავებული კრიტერიუმები, მე კი მაქვს სხვა სისტემა და სხვა მოთხოვნები ოცმეტრიანი გაბარიტების მიმართ, ბუნებრივია, ეს ხშირად გამოიწვევს გაჩერებებსა და ტრანსპორტის გადაადგილების დაბრკოლებას. პირველი ნაბიჯი სწორედ ეს არის – მეზობელ ქვეყნებთან საბაჟო კონტროლის მექანიზმების სინქრონიზაცია, ამ პროცესების მაქსიმალური ციფრული ტრანსფორმაცია და მათი თავსებადობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ირაკლი ნემსაძემ.